ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად საქართველოს მოსახლეობის 31%-ის აზრით, ქვეყნისთვის ყველაზე შესაფერისი საბჭოთა კავშირის, ავტორიტარული ან საბჭოთა სისტემასთან საერთოს მქონე სისტემაა. მათგან 10-10% ამბობს, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირის სისტემა და ავტორიტარული სისტემა შეეფერება, რომელიც წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს, 11%-ის თქმით კი, საქართველოს შეეფერება სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ორიენტირებულია – ამის შესახებ NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა.
კვლევის თანახმად, 53% ფიქრობს, რომ საქართველოს დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა შეეფერება.
მოსახლეობის 2% მიიჩნევს, რომ საქართველოს მონარქია შეეფერება, 14%-მა კი არ იცის, როგორი სისტემა შეეფერება ქვეყანას.
ამავე გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის.