ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“ბესელიას ივანიშვილის ხსენების ეშინია, მათ შორის შესაძლო სხვა კომპრომატების გასაჯაროვების საფრთხის გამო” – ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ეხმაურება.

“ვიცავ და დავიცავ ნებისმიერ ქალს, რაგინდ მიუღებელი არ უნდა იყოს ის ჩემთვის პოლიტიკურად და რაოდენ უღირსად პიროვნულად არ უნდა მოქცეულიყო ის პირადად ჩემს მიმართ, რომელიც იქნება ნებისმიერი ტიპის ძალადობის მსხვერპლი. პირადი ცხოვრებით მანიპულირება კი ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. თავად მან სხვათაშორის ეს სტანდარტი დაარღვია, როდესაც ჩემს შესახებ “გაასაჯაროვა” ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ მიზნად ისახავდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ პირდაპირ მინიშნებას და ქალების წინააღმდეგ სტერეოტიპებით გაჟღენთილ საზოგადოებაში ჩემი, როგორც ქალის რეპუტაციის შელახვას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტყუილით. დიახ. რადგან 2004 წელს აშშ-ში Smith College-ში ვსწავლობდი და ცოცხლადაც არ მყავდა არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ნანახი.

ხოლო დღეს, როდესაც ეკა ბესელია  გამუდმებით მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რომლის მმართველობის პერიოდში მისი მტკიცებით უკანონო კადრების ჩაწერა მოხდა, მაგრამ ერთხელ არ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობის დროსაც ეს კადრები გავრცელდა, ის როგორც მინიმუმ არაგულწრფელია. სინამდვილეში კი ივანიშვილის ხსენება ეშინია, მათ შორის შესაძლო სხვა “კომპრომატების” გასაჯაროვების საფრთხის გამო. ის ამით ასევე ცდილობს ივანიშვილის კარზე მიმდინარე შიდა დაპირისპირებაში თავი გადაირჩინოს და პოლიტიკური ფასი გაიზარდოს გავლენების მოსახვეჭად. დიახ. მაინც მსხვერპლია. მაგრამ ივანიშვილის. და სანამ ამ სიმართლეს არ იტყვის, ჩალის ფასი ექნება მის სიტყვას” – წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

შეგახასენებთ, რომ დავით ჭიჭინაძის თქმით, სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას შინაგან საქმეთა  სამინისტრო მოახდენს.

იტვირთბა....