დღევანდელი მოცულობით ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე თუ რა რეაქცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას შემდგომი მოვლენების განვითარების დროს. როგორც ჩანს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ვენესულასთვის სანქციების გამკაცრება და თუ ამას აყვნენ სხვა დასავლეთის ქვეყნები და თუ უკვე არსებულ ეკონომიკურ დანაკარგს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენესუელა როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად უკვე პარალიზებულია, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების თემის კომენტირებისას განაცხადა.
კაკაჩიას განცხადებით, დროის საკითხია მადუროს ხელისუფლების ჩამოშლა.
“დროის საკითხია თუ როდის ჩამოიშლება მადუროს ხელისუფლება. ასევე დიდი მნიშნელობა აქვს თუ როგორ მოიქცევა რუსეთი. როგორც ცნობილია, მათ ვენესუელაში რამდენიმე გასამხედროებული ჯგუფი გააგზავნეს, მაგრამ ეს მადუროს ხელისუფლების შენარჩუნების არავითარი გარანტია არ არის, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მას უპირისპირდება. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ექნება თუ რამდენად მოაქცევს საერთაშორისო თანამეგობრობა მადუროს ხელისუფლებას იზოლაციაში. ამ სცენარით თუ განვითარდა მოვლენები, გარდაუვალია დროებითი ხელისუფლების ჩამოყალიბება, რომელიც შემდგომ მოამზადებს ახალ არჩევნებს და მოვა დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება.
ამ ყველაფერს კი დიდი მნიშვნელობა ექნება ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის და ზოგადად, ვენესუელას საგარეო პოლიტიკისთვის, რადგან ეს პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. კონკრეტულად, ოკუპირებულ ტერიტორიებთნ დაკავშირებით, რადგან ახალმა ხელისუფლებამ დიდი შანსია უკან გაიწვიოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება, რაც საკმაოდ სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთის პრესტიჟისთვის”, – აცხადებს კაკაჩია.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.