ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

”მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის” თანამშრომლები გაიფიცნენ

ვაზისუბანში მდებარე ”მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის” თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც “მეტრონომს” მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ირაკლი ამირანაშვილმა განუცხადა, კლინიკის თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ, ლაბორატორიაში კი რეაქტივების საჭირო რაოდენობა არ არის. მისივე თქმით, სახელმწიფომ კლინიკას წითელას ვაქცინის გარკვეული რაოდენობა მიაწოდა და უშუქობის გამო, შესაძლოა, აღნიშნული ვაქცინა გაფუჭდეს.

“დასაქმებულებს არ აქვთ სათანადო შრომითი პირობები, ვერ იღებენ დროულად კუთვნილ ხელფასებს, ზოგს 2 წელია არ აუღია ხელფასი, ზოგმა ახლა აიღო სექტემბრის ხელფასი. ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს აუცილებელი ხელსაწყოებითა და რეაქტივებით, ბოლო დღეებში კი, აღარც ელექტროენერგია და გაზი აქვთ, არიან გათბობისა და წყლის გარეშე, რის გამოც პაციენტებს ვეღარ ემსახურებიან. კლინიკასთან მიმდინარე აქციას შემოუერთდნენ პაციენტებიც. სახელმწიფომ დაარიგა წითელას ვაქცინა, ელექტროენერგია არ არის და არის ვაქცინების გაფუჭების რისკიც. გუშინ გაითიშა დენი და 72 საათში ვაქცინა უვარგისი ხდება. ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ხვდებიან და ჯერჯერობით ვერც ჩვენ ვახერხებთ მათთან დაკავშირებას”, – განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.

პროფკავშირების ინფორმაციით, ანალოგიური სიტუაციაა დაწესებულების სამივე ფილიალში, რომლებიც მთლიანობაში 200 ადამიანია დასაქმებული. კლინიკა ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის პირველი კვარტალში მდებარეობს.

 

 

იტვირთბა....