კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა, რომ კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში, სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის ძალიან ბევრი ეფექტური გადაწყვეტილება მიიღო. მისივე განცხადებით, კომისიის ყველა ქმედება და გადაწყვეტილება იმისკენ არის მიმართული, რომ კომპანიებს თანაბარი პირობები ჰქონდეს და მაღალი კონკურენცია იყოს ბაზარზე. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, სფეროში მაინც რჩება ისეთი საკითხები მოსაგვარებელი, რომელიც კომისიის ზედამხედველობის ქვეშ არ არის. მაგალითისთვის, ბექაურმა კომპანია „დელტაკომი” მოიყვანა, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება ლობირებდა. კომისიის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მერიის ამჟამინდელი ხელმღვანელობისა და სემეკის დახმარებით მსგავსი საკითხები სრულად მოგვარდება.
„კომისიამ ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯა საბითუმო ბაზარზე კომპანიებისთის ერთნაირი, თანაბარი პირობების შესაქმნელად, თუმცა ძველი გადმონაშთები დღესაც გარკვეულ ნეგატიურ გავლენებს ახდენს სფეროზე, – ეს საკითხები არ არის კომისიის ზედამხედველობის სფეროში. კერძოდ, გახსოვთ თქვენ კომპანია „დელტაკომი”, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება ლობირებდა და მათ მაშინდელმა მერიის ხელმძღვანელობამ ექსკლუზიური უფლება მისცა ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურაზე კაბელების გადაკიდების, ასევე მოხდა „ენერგოპროსთან” ქალაქგარეთ, ფაქტობრივად ყოფილმა ხელისუფლებამ ექსკლუზივების ხარჯზე განავითარა ეს კომპანია. ასეთ არასწორ და არათანაბარ პირობებში კომპანიების ჩაყენება ხელს უშლის სფეროს განვითარებას. ჩვენ ძალისხმევა ვხარჯოთ და ჩვენი ზედამხედველობის სფეროში უნდა გავასწოროთ ყველაფერი, მათ შორის დარჩენილი ანომალიური გადმონაშთები, ვინაიდან ეს საკითხი პირდაპირ კომისიის ზედამხედველობის ქვეშ არ არის, იმედი მაქვს, რომ მერიასთან და ჩვენს კოლეგებთან სემეკში ამ საკითხებს დავარეგულირებთ. ამას გარდა, ახლა ვმუშაობთ სწორედ მსოფლიო ბანკთან ერთად პასიური ინფრასტრუქტურის მთლიანად გაზიარების კანონპროექტზე, რაც მთლიანად დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომელიც კომპანიებს აწუხებთ და რომელიც ჩვენი ზედამხედველობის გარეთაა “, – განაცხადა კახა ბექაურმა.