ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის… დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია” – ხაბარელი

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის თანამდებობაზე დარჩენის საკითხიპრეზიდიუმის გადასაწყვეტია.

„გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის. ჩვენი ვალია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. ახლა მთავარია სიტუაცია დამშვიდდეს და მოხდეს შერიგება. ზურა დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია. ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენების შერიგება უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ჩვენ დასაკარგი სპორტსმენი არ გვყავს. მითუმეტეს, ასეთი სპორტსმენის საქართველოდან წასვლა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი დამშვიდდეს, რადგან ოლიმპიური თამაშები ახლოს არის. ეს მთელი საქართველოს ინტერესი უნდა იყოს”, – აღნიშნა ხაბარელმა

დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ საკითხში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სამინისტრო, რადგან პოლიტიკას სამინისტრო განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გუშინ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება დატოვა.

იტვირთბა....