„ვაკის პარკი 1945 წელს დაარსდა, 120 ჰექტარ ტერიტორიაზე, თუმცა 2013 წელს, როცა ჩვენ დავიწყეთ პროტესტი, აღმოჩნდა, რომ ოფიციალურად, ვაკის პარკის ფართობი იყო მხოლოდ 19 ჰექტარი, დანარჩენი დაანაწევრეს, გაყიდეს და სამშენებლოდ გაამზადეს“, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის წევრმა, ნატა ფერაძემ „მეტრონომის“ ვიდეობლოგში განაცხადა.
მისი თქმით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ შემთხვევაში, მხოლოდ სამართლებრივი ბრძოლით ვერ მიაღწევდნენ წარმატებას.
„ვაკის პარკს ჯერ ფრანგულმა სკოლამ მოაკბიჩა ტერიტორია, შემდეგ სხვებმა და ასე გაგრძელდა.სასტუმრო „ბუდაპეშტის“ საკითხი რომ არა, იქ არაერთ ნაკვეთზე, შეიძლება, კიდევ გამოცხადებულიყო მშენებლობა. ჩვენ რომ დავიწყეთ პროტესტი, იქ ინვესტორს დაწყებული ჰქონდა საძირკვლის ამოღება. დღესაც შეგიძლიათ ნახოთ, შემოსაზღვრულია და საძირკვლის ნაწილი არის ამოღებული, თუმცა დროულად მოვახერხეთ ამის შეჩერება. საკითხში ჩაერთო საია, როგორც ერთ-ერთი იურიდიული დამხმარე, მშენებლობას ასაჩივრებდა მწვანე ალტერნატივაც. სწორედ აქ დაგვეხმარა გამოცდილება, ჩვენ მხოლოდ სამართლებრივად რომ წავსულიყავით, სასამართლოს ან მოვიგებდით, ანა არა. რასაც ახლანდელი სტრუქტურა გვაჩვენებს, სასამართლო არ გვაქვს. ჩვენ ხეების დარგვით დავიწყეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასამართლო თუ არ გაქვს გამართული, ვერც ხეს დაიცავ“, – ნატა ფერაძე.