გლდანი-ნაძალადევია რაიონში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.
როგორც გარდაცვლილი მცირეწლოვანის ბებიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვი არა ძალადობით, არამედ ვირუსით გარდაიცვალა და მასზე არავინ ძალადობდა.
როგორც ოჯახის ახლობელი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ბავშვს აუტიზმი ჰქონდა. მისი იფორმაციით მცირეწლოვანი ჰიპერაქტიული იყო და სწორედ ამან გამოიწვია ფიზიკური დაპირისპირების კვალი. მისივე განცხადებით მშობლებს კომერციული ინტერესების გამო აბრალებენ ბავშვზე ძალადობას.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.