ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს ადასტურებს, რომ გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს

მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რამე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით, – აღნიშნულის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს ეხება.

შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციაში შეტყობინება ერთხელ 6 იანვარს შევიდა, რის საფუძველზეც ბავშვის დედა დააკავეს, გოგონა კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რასაც გამოკითხული პირები არა ცემის ფაქტს, არამედ გოგონას ჰიპერაქტიურობას მიაწერდნენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.

საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.

ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.

22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გლდანი-ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგონა საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. მეზობლების ინფორმაციით ბავშვზე ფიზიკურად მშობლებმა იძალადეს, რაც=მაც მცირეწლოვანის გარდაცვალება გამოიწვია. თუმცა ოჯახმა ეს ინფორმაცია უარყო.

იტვირთბა....