ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გადატანის პროცესი განახლდა

“ბათუმელების” ფოტო

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან მრავალწლოვანი ხე შეკვეთილში, იმ ტერიტორიაზე გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

ხეს, რომელიც ახლა რეზიდენციასთანაა, ბობოყვათის პლაჟიდან შეკვეთილში ზღვით გადაიტანენ. პლაჟამდე მისასვლელი გზა რკინაბეტონის ფილებით უკვე მოწყობილია. მოწყობილია რკინიგზაზე გადასასვლელიც. ამ გზით არაერთი ხე გადაიტანეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად 5 მრავალწლოვანი ხე 2018 წლის ადრე გაზაფხულზე ამოთხარეს. ეს ხეები ამ დრომდე არ გაუტანიათ. როგორც მაშინ ითქვა, ხეები გზის სივიწროვის გამო ვერ გაჰქონდათ. ზაფხულის განმავლობაში კუსტარულად მოწყობილი სარწყავი სისტემით, გადასატანად გამზადებულ ხეებს ყოველდღიურად რწყავდნენ. მიუხედავად ამისა, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ერთი ხე ხმება.

აჭარის გზების დეპარტამენტმა ალამბარი-ზენითის მიმართულებით გზის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო, რაც მაშინ ოპოზიციამ გააპროტესტა და პროკურატურასაც მიმართეს.

 

 

იტვირთბა....