ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოხარული ვიქნები, თუ ავლაბრის რეზიდენცია საქართველოს რესპუბლიკის სასახლედ გამოცხადდება” – უსუფაშვილი

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება თუ  ავლაბრის რეზიდენცია საქართველოს რესპუბლიკის სასახლედ გამოცხადდება.

“ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით რამდენიმე წელია ერთი და იგივე პოზიცია მაქვს და მოხარული ვიქნები თუ გაიზიარებენ, რომ ის გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის სასახლედ, რომელშიც ჩვენი ორივე რესპუბლიკის ისტორია განთავსდება, ერთი მხრივ, 1918-21 წლების და მეორე მხრივ, თანამედროვე ეპოქის. ის იქნება მრავალფუნქციური, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებები გამოიყენებენ სათანადო დანიშნულებით, მაგალითად, შეიძლება, პრეზიდენტმა ჯილდოები სწორედ ამ სასახლეში გადასცეს დაჯილდოებულ ადამიანებს, მოსამართლეებმა იქ ფიცი დადონ, უმაღლესი რანგის სტუმრების მიღება გაიმართოს. აგრეთვე, ამ სასახლეში წარმოვიდგენდი დარბაზებს, სადაც ვთქვათ, 1990 წლიდან დღემდე ისტორია იქნება წარმოდგენილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ იქნება ჩამოკიდებული ყველა ყოფილი პრეზიდენტის პორტრეტი. მათი, რომლებიც შესაძლოა, სიცოცხლეში ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ ეს არის ჩვენი ისტორია. ეს იქნებოდა სასახლე, რომელიც პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, მთავრობასა და ზოგადად, სახელმწიფოს მოემსახურებოდა ასეთი ფუნქციებით, იქნებოდა ღია დამთვალიერებლებისთვის, ექნებოდა სახელმწიფო ენის დარბაზი, რომელიც ჩვენი ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტია”, – განაცხადა “შენების მოძრაობის” ლიდერმა.

უსუფაშვილის თქმით, ავლაბრის რეზიდენციის ეს ფუნქციური დატვირთვა სხვა ვერსიებთან ერთად განხილვის პროცესშია.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთ სერიოზულ ვერსიად ეს მოდელიც განიხილება, თუმცა გადაწყვეტილად ჯერ ვერაფერს გეტყვით. სხვა ვერსიები იმდენად არ მომწონს, რომ მათზე არაფერს არ ვიტყვი”, – აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარი განაცხადა და ორბელიანის სასახლეში მუშაობს.

იტვირთბა....