ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გამოძახებაზე მისულ ყაზტრანგაზის თანამშრონლებს მეცხე სართულზე ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ” – ადვოკატი

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორის გრიგოლ ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  გამოძახებაზე მისულ „ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებს როდესაც უთხრეს, რომ ლიფტი მეცხრე სართულამდე ვერ ადის, მათ მეცხრე სართულზე ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ.

„სამწუხაროდ, „ყაზტრანსგაზი” არ აპირებს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და დაზარალებულები დააკმაყოფილოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ. გაჟღერდება ორი სასარჩელო მოთხოვნა – მატერიალური და მორალური კუთხით. სათითაოდ დავითვლით, რა მატერიალური ზიანი მიადგა. რაც შეეხება მორალურ ზიანს, აქ ალბათ, სადავო არაფერი იქნება. დაახლოებით 70 ოჯახს უშუალოდ შეეხო ეს ტრაგედია. ძალიან ბევრ ადამიანს შეერყა ჯანმრთელობა. სტრესის გამო ბავშვებს ძილი აღარ აქვთ. “ყაზტრანსგაზის” განცხადებებში მხოლოდ სამძიმარზეა საუბარი. მე მათ მოვუწოდებ, დაიწყონ ჩვენთან დიალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი დღის სინათლეზე გავა. დაზარალებულების პროტესტი გამოწვეული იმით, რომ კომპანია მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევს. მშენებელი კომპანია მშენებლობის პროცესში იძახებს “ყაზტრანსგაზს”, რომელიც თავისი აღჭურვილობით მიდის და გაჰყავს ქსელი პროექტის მიხედვით – სად გავა მილი, სად იქნება მრიცხველი, შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა “ყაზტრანსგაზს” აქვს აღებული. როდესაც მათ თანამშრომლებს უთხრეს, რომ ლიფტი მეცხრე სართულამდე ვერ ადის, მათ დაეზარათ მეცხრე სართულზე ასვლა და შემოწმება. ეს წმინდა წყლის გულგრილობაა”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....