“რეფორმატორების” ლიდერი, ირაკლი ღლონტი 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.
როგორც ის სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს, აბონენტები უნდა აღიჭურვონ დეტექტორებით, რომელიც რეაგირებს გაზის გაჟონვის დროს.
“რა გითხრათ… მძიმეა ! სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, ჩემს ქალაქს, ქვეყანას, ოჯახებს… უმძიმესი ტრაგედიაა, რამდენიმე წლის წინ იგი ჩემს ოჯახსაც შეეხო და უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია…
10-15 ლარი ღირს დეტექტორი, რომელიც რეაგირებს გაჟონვის დროს, ვთხოვ ხელისუფლებას, დასხდნენ და მოიფიქრონ რა გზით არის შესაძლებელი ამ აპარატებით აღიჭურვოს ყველა აბონენტი, ვფიქრობ, შესაძლებელია, ეს ვალდებულება დაეკისროს კომპანიას, რომელსაც მილიონობით ლარი ეპატია 2018 წელს და ამ ინიციატივით მე მივმართავ მარეგულირებელ კომისიას, იმედი მაქვს ეს უკანასკნელი ტრაგედიაა, სირცხვილია, რომ ამ დრომდე არ მოხდა ამის გონივრულად დარეგულირება და ელემენტარული პრევენციის ზომების გატარება”, – წერს ღლონტი.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ჰყავდათ ბრიგადა, თუმცა მათ მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით, იაშვილის კლინიკაში, 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხნენ.
თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა.