საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯვრის მონასტრთან დაკავშირებით, იზიარებს სასულიერო პირების მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ გარემოვაჭრეების არსებული ფორმით ყოფნა ჯვრის მონასტერთან ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება.
“ამ დროისათვის პრობლემა გადაჭრილია – ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გახსნილია, თუმცა ისიც ცხადია, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ, ჩვენი უწყების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც არსებული ვითარება მოწესრიგდება”, – თქვა მინისტრმა ბატიაშვილმა. მისი კომენტარი უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი რამდენიმე დღის წინ მონასტრის წინამძღვრის გადაწყვეტილებით დაიხურა. ამის მიზეზად საპატრიარქოში მონასტრის სიახლოვეს არსებული მოუწესრიგებელი გარევაჭრობის პრობლემა დაასახელეს.
ჯვრის მონასტერი 16 იანვარს გაიხსნა. მცხეთის მერიაში თქვეს, რომ მონასტრის ტერიტორიაზე გარევაჭრობა მოწესრიგდება.