“საქართველოს ვარსკვლალვის” მონაწილე, ტრანსგენდერი ქალი, ანასტასია პირველი, კონკურსს გამოეთიშა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, მომხდარის მიზეზი უცნობია.
კონკურსიდან მის გამოთიშვას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოყვა.
“რუსთვი2” -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განმარტავს, რომ პროექტის მესვეურებს ნამდვილად არ დაურღვევიათ პროექტის წესები.
“საქართველოს ვარსკვლავი” რ2ის პროექტი იყო წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ის მოგვპარეს და ახლა საზმაუზე გადის და ძველ ქართულ ფილმებზე ნაკლებ რეიტინგს წერს (2%), რაც რ2ზე 20%ის მქონე პროექტისთვის კატასტროფიული ჩავარდნაა.
ახლა რაც შეეხება შეკითხვას ტრანსგენდერ მონაწილესთან დაკავშირებით. აქ პროექტის მესვეურებს ნამდვილად არ დაურღვევიათ პროექტის წესები. ოქროს ბარათი არ ნიშნავს ათეულში მოხვედრას. მეტიც, ის მეორე ტურში (ე.წ. განხილვის ტური) მოხვედრის გარანტიაც არაა. კიდევ მეტი, შეიძლება ეთერშიც ვერ მოხვდეს, თუ პროექტის გუნდი ასე გადაწყვეტს. ასე რომ, ტრანსგენდერი მონაწილის მხოლოდ არგადასვლა სრულიად შეესაბამება პროექტის წესებს და არ შეიცავს დისკრიმინაციის ელემენტებს. ამაზე მეტი თუ რამე მოხდა, ჩემთვის უცნობია.
ps ცხადია, ტრანსგენდერი მონაწილის ფინალში გადაყვანას გამბედაობა სჭირდება. სატელევიზიო ინტერესის თვალსაზრისით, მისი არგადაყვანა დიდი შეცდომაა, მით უფრო, რომ ანასტასია პირველი არა მხოლოდ ტრანსგენდერი, არამედ ძალიან კარგი მომღერალია და ნუცას სკოლის გამარჯვებულია. ასე რომ მისი არგადაყვანა “ტელევიზიონშიკური” თვალსაზირისით, პროექტის და მისი პროდიუსინგის სრული კრახია. იგივე პროდიუსერები ამას რ2ზე არავითარ შემთხვევაში არ იზამდნენ. კონკურსანტმაც უნდა იცოდეს, სად მიდის და რომელ არხზე. რ2ზე ძაან გვინდოდა მისი ხილვა ჩვენს პროექტში, მაგრამ მან აირჩია საზმაუ. ხოდა ისეა, როგორცაა” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “მეტრონომის” ჟურნალისტი თამთა ქარქაშაძე ანასტასია პირველს დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სცადა გაერკვია, რატომ დაატოვებინეს პროექტი, ჯერ უთხრეს, რომ მისი გაფრთხილება დაავიწყდათ, შემდეგ კი გადაცემის პროდიუსერებმა სოციალურ ქსელში დაბლოკეს.