უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის შესახებ ჰკითხეს განუცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხიდან სეირის საყურებელ მასალას და ამბავს ნუ ქმნიან.
პაპუაშვილის თქმით, ეს ძალიან ფაქიზი და რთული თემაა.
„გავანებოთ ამ ფსევდო ვაჟკაცობას და ფსევდო პატრიოტიზმს თავი. აღიარების თუ არ აღიარების საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ქვეყნისთვის არის აუცილებელი. ბევრ კანონიკურ დარღვევაზეა საუბარი, რასაც საპატრიარქო გაიაზრებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენთან ერთად. ჩვენც უნდა მივეხმაროთ მათ, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხში პოლიტიკა არაფერ შუაშია და სასწორზე მომავალი დევს.
„არ უნდა ვიჟონგლიოროთ. აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის, სასწორზე დგას ჩვენი მომავალი, რა გამონათქვამი, რა პოზიცია დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. აქედან არ უნდა შევქმნათ სანახობა, რომ აი, ხედავთ თურმე, ჩვენ არ ვეხმარებით უკრაინას და ა.შ. ასეთი ურა პატრიოტიზმის დრო დავამთავროთ, მივანდოთ ეს საქმე ადამიანებს, რომლებიც უკეთესად, კვალიფიციურად გადაწყვეტენ. ნუ გადავახტებით ამ ხალხს, სჯობს, მოვისმინოთ მათი აზრები და ანალიზი, ვიდრე მე ვაკეთო ვიღაცისთვის გულის მოსაგები განცხადებები, არც ერთ შემთხვევაში“ – განაცხადა დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა.