ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ოჯახი იაშვილის კლინიკიდან ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს

ექვსი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის კლინიკაში მკურნალობს, მძიმეა – მოზარდი მართვით სუნთქვაზეა.

საბა კიწმარიშვილი თბილისში ბათუმიდან გადმოიყვანეს. მას ჯერ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, შემდეგ კი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

მშობლების მტკიცებით ექიმებს არ აქვთ ზუსტი პასუხი, რატომ რთულდება ექვსი წლის ბიჭის მდგომარეობა.

ამიტომაც, მშობლები მკურნალობის მიზნით ბავშვის საზღვარგარეთ გადასაყვანად დახმარებას ითხოვენ.

ექიმების განმარტებით, საბა კიწმარიშვილის 4 სხვადასხვა დიაგნოზი დაუდგინდა.

„ექვსი წლის პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე. უგრძელდება კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია. საჭიროების შემთხვევაში, სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია. დინამიკაში უტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მდგომარეობა რჩება მძიმე“, – განაცხადა იაშვილის კლინიკის ექიმმა რეანიმატოლოგმა, ლიკა მოხევიშვილმა.

საკითხში უკვე ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, ოჯახს პაციენტის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებასთან დაკავშირებით დახმარება ოფიციალურად ამ დრომდე არ უთხოვია. ამასთანავე, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,  სამინისტრო მის ტრანსპორტირებას დაუშვებლად მიიჩნევს.

 

იტვირთბა....