“სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რა მნიშვნელობა აქვს მემარჯვენე-მემარცხენეობასო, ამან დაღუპა, ქალბატონო სალომე, თანამედროვე ევროპა”, – ასე გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი, ლევან ლორთქიფანიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხს – “მეტრონომის” შეკითხვაზე – რომელი პოლიტიკური კურსი სჭირდება ქვეყანას – მემარჯვენე თუ მემარცხენე.
როგორც ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განმარტა, საფრანგეთში მარინ ლე პენის 40%-იანი რეიტინგიც სწორედ ასეთი დამოკიდებულების დამსახურებაა.
“დღეს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რა მნიშვნელობა აქვს მემარჯვენე მემარცხენეობასო, ამან დაღუპა ქალბატონო სალომე თანამედროვე ევროპა. დღეს რომ თქვენს მეორე სამშობლოში მარინ ლე პენის რეიტინგი 40%-ია და პარლამენტში გიზით, ეგეთმა ლაპარაკმა დაღუპა [საფრანგეთი], დღეს რომ გერმანიის სოციალ-დემორატიულ პარტიას 15% აქვს რეიტინგი და მწვანეებმა გაასწრეს, იმიტომ გაასწრეს, რომ ამბობდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, მემარჯვენე ვიქნები თუ მემარცხენეო, დღეს რომ ავსტრიის სათავეში ნაცისტები არიან ლამის, თავისი შეხედულებებით, და ამბობენ, რომ საკონცენტრაციო ბანაკები უნდა გავხსნათ დევნილებისთვისო, ეგეთი ლაპარაკის შედეგია, დღეს რომ იტალიაში არც ერთი კლასიკური პარტია ცოცხალი აღარ არის, მაგის შედეგია, დღეს რომ ესპანეთში სოციალისტურ პარტიას უწევს 18 პარტნიორთან მოლაპარაკება, მთავრობაში რომ შევიდეს, ეგეთი პოლიტიკის შედეგია, დღეს რომ აღმოსავლეთ ევროპა დასავლეთ ევროპას არ ელაპარაკება და ჩრდილოეთ ევროპა სამხრეთ ევროპას, ხან ეკონომიკური და ხან მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გამო, ის ევროპა, რომელიც ასე გიყვართ, რომ მიდის დღეს კრიზისში, ეგეთი საუბრის გამოა და მაგის გამოხატულებაა ესეც, რა მნიშვნელობა აქვს მილიარდერი, ვარ მილიონრებით მაქვს დაკომპლექტებული სია, სოცინტერნში შევალ, მემარჯვენეობას და მემარცხენეობას ხომ არ აქვს მნიშვნელობა”?! – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვლი მედიას შეხვდა. “მეტრონომის” ჟურნალისტის, შეკითხვას, რომელი პოლიტიკური კურსი სჭირდება ქვეყანას – მემარჯვენე თუ მემარცხენე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე, არ უფიქრია, იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს ეს ცნებები ჩაბარდა წარსულს.
“მე არ ვიცი ჩემს ახლობლებში, არც საქართველოში, თუ ევროპაში ადამიანი, რომელიც თავის თავს არქმევს ან მემარჯვენეს, ან მემარცხენეს. ყველას აქვს რაღაც საკითხზე ან მემარჯვენეობა, სხვა საკითხზე მემარცხენეობა და ყველაში არის ძალიან არეული დღევანდელ დღეს და ეს არის დღევანდელი მსოფლიოს საინტერესო ახალი მდგომარეობა და მიმართულება. რასაც უნდა გავყვეთ და არც უნდა გავიგოთ და საკმაოდ რთულია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი “მეტრონომს” პასუხობს: რომელი კურსი სჭირდება ქვეყანას – მემარცხენე თუ მემერჯვენე (ვიდეო)