აშშ-ში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, როგორც BBC წერს, სამთავრობო უწყებების ნაწილი უკვე 22-ე დღეა, არ მუშაობს.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ეს აშშ-ში ყველაზე ხანგრძლივი და რეკორდული “შათდაუნია”.
აღნიშნულის გამო, 800 ათასმა ადამიანმა, მათ შორის, FBI-ის, ციხეების დაცვისა და აეროპორტის თანამშრომლებმა, ახალი წლის შემდეგ ხელფასი ვერ აიღეს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს ბიუჯეტიდან 5.6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას მექსიკასთან საზღვარზე ბარიერის მშენებლობის დასაფინანსებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უარს აცხადებს 2019 წლის ბიუჯეტს ხელი მოაწეროს.
მის მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან „დემოკრატები“, რომლებმაც შუალედური არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვეს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში.
აღსანიშნავია, რომ 11 იანვარს დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარს ეწვია და კედლის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, თუ კონგრესი არ დაეთანხმება ამ ინიციატივას და არ დააფინანსებს კედლის მშენებლობას, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.