აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოება ჯანდაცვა

“წამლის მაფიამ უკვე წითელი ხაზები გადაკვეთა” – 1 კოლოფი „ტამიფლუ“ 3 დოლარად

„მეტრონომმა“ თურქული ფარმაცევტული კომპანიიდან წერილი მიიღო

საქართველოში, მედიკამენტების კატასტროფულ ფასებზე დიდი ხანია საუბრობენ. პენსიონრების უმრავლესობა, თითქმის ყველა ერთხმად აცხადებს, რომ აღებული პენსიის უმეტესი ნაწილი წამლებში მიდის. ბევრს ის არც კი ყოფნის მედიკამენტების შესაძენად. დღეს ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მიმდინარე სეზონზე 10-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით. ჯანდაცვის უწყება ეპიდემიის საშიშროებას ვერ ხედავს, მაგრამ სოციალურ ქსელში არ წყდება მითქმა-მოთქმა პრეპარატ “ტამიფლუს” ფასის შესახებ, რომელიც დღეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტად იქცა.

საქართველოში აღნიშნული პრეპარატის ფასი 68-დან 80 ლარამდე მერყეობს მისი ფასი საზღვარგარეთ კი თითქმის 4-5-ჯერ ნაკლებია. ჩვენ შევეცადეთ მიზეზის დადგენას, თუ რა იწვევს ასეთ ფასნამატს პრეპარატზე, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მედიკამენტია მოსახლეობისთვის.

ის, რომ იმპორტირებული მედიკამენტების ფასნამატი საკმაოდ მაღალია, “მეტრონომი” თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში უკვე წერდა. გამოძიებაში გამოქვეყნებულია დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ქართულ კომპანიებს მედიკამენტებზე, ზოგ შემთხვევაში 200-300 პროცენტიანი ფასნამატი აქვთ. თუმცა, დღემდე ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. უფრო მეტიც, რეგულაციები მედიკამენტების შემოტანაზე უფრო და უფრო მკაცრდება, რაც პირველ რიგში ურტყამს წვრილ ფარმაცევტულ ფირმებს, რადგან ბაზარზე გამეფებულ მსხვილ კომპანიებს ეს გზა უკვე კარგა ხნის წინ აქვთ გაჭრილი, და ახლა, მხოლოდ მაღალი სახელისუფლო სავარძლებიდან საკუთარი ბიზნესის ლობირებით არიან დაკავებული.

კიდევ ერთხელ გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას თუ რა იწვევს წამლის ფასების ასეთ კატასროფულ ზრდას? არსებობენ თუ არა ბაზარზე მონოპოლისტები? უწყობს თუ არა ხელს განვითარებისათვის არსებული კანონმდებლობა ფარმაცევტულ ბიზნესს? როგორია კანონმდებლობა და რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობისთვის და ზოგადად, წვრილი, დამწყები ბიზნესმენებისათვის, რომ ბაზარზე გაჩნდეს ჯანსაღი კონკურენცია იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს მედიკამენტების ფასების რეგულაციას ქვეყანაში? მიუხედავად იმისა, რომ “მეტრონომის” ჟურნალისტურმა გამოძიებამ დოკუმენტებით დაასაბუთა, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები თითქმის 300 პროცენტით ზრდიან მარჟას, მის მერე არაფერი შეცვლილა, ხელისუფლება არც კი დაინტერესებულა მოსახლეობისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემით.

ამ თემის კიდევ ერთხელ წინა პლანზე წამოწევა პრეპარატ “ტამიფლუს” საკმაოდ მაღალმა ფასმა გვაიძულა. ამისათვის, “მეტრონომი” დაუკავშირდა თურქეთში ფარმაცევტულ კომპანია “კორენას”, იმის დასადგენად თუ რა ღირს იმავე ქარხნის (შვეიცარული წარმოების „ტამიფლუ“), იგივე პრეპარატი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. თურქმა ფარმაცევტებმა “მეტრონომს” მოწერეს, რომ 30 მილიგრამიანი, 1 კოლოფი (10 აბი) მედიკამენტი თურქეთში 3 აშშ დოლარი ღირს.

ჩვენი პირველი ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, “მეტრონომს” პერიოდულად უკავშირდებიან სხვადასხვა “გაწამებული” წვრილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და დეტალურად ხსნიან პრობლემის არსს. მკითხველისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ რატომ არ ასახელებენ ისინი თავინთ სახელებს. მათ ეშინიათ, რომ ისედაც ხელისუფლების მხრიდან არსებული წნეხი კიდევ უფრო არ გაიზარდოს.

შევეცდები ქრონოლოგიურად ავხსნა პრობლემის არსი, რომ მკითხველისთვის იოლად გასაგები გახდეს, რატომაა 5-ჯერ ძვირი მაგალითად “ტამიფლუ”, ზოგადად, რა ხდება ამ სფეროში, რას იწვევს რეგულაციების გამკაცრება და საბოლოოდ, როგორ ისახება ყველაფერი ეს წამლების ფასებზე.

სახელმწიფო რეგულაციების მიხედვით, კონკრეტული მედიკამენტების შემოტანა ევროკავშირის ქვეყნებიდან “პარალელურ რეჟიმში” შესაძლებელია ხელახალი რეგისტრაციით. ამის გაკეთება 7 დღეშია შესაძლებელი. როგორც “მეტრონომს” ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში უთხრეს, წვრილ მოთამაშეებსაც კი შემოაქვთ ხოლმე ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტი, მაგრამ ეს ფასების ცვლილებაზე გავლენას მაინც არ ახდენს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ასეთი წვრილი მოთამაშეები ან იმავე მსხვილ კომპანიებთან არიან რაღაც დოზით დაკავშირებული, ან უფრო მეტიც, მონოპოლიის ეჭვის გაქარწყლების მიზნით, თავად მსხვილი მოთამაშეები ქმნიან ახალ ფირმებს და მათი მეშვეობით შემოაქვთ ესა თუ ის მედიკამენტი. ეს კი, რა თქმა უნდა, ფასებს ვერ დაწევს, რადგან მთავარი მონსტრი თავად გამოდის ბაზარზე მაკონტროლებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში არის ილუზიური განცდა, რომ არ არსებობს მონოპოლია, მაგრამ რეალურად “ფარული მონოპოლია” სახეზეა.

რაც შეეხება არაევროკავშირის ქვეყნებიდან (ისეთი როგორიცაა მაგალითად თურქეთი) მედიკამენტების “პარალელური რეჟიმით” შემოტანა აკრძალულია. მაგალითად თურქეთიდან შვეიცარული “ტამიფლუს” შემოტანა შეუძლებელია, რადგან თურქეთი “პარალელური რეჟიმის” სისტემიდან ამოვარდნილია იმის გამო, რომ არ არის ევროკავშირის ქვეყანა. ანუ, თავად ჩვენი რეგულაციებით იკრძალება თურქეთიდან იაფი წამლის შემოტანა. რაც შეეხება ეროვნულ პროდუქციას, ანუ თავად თურქეთში წარმოებული მედიკამენტების შემოსატანად რეგისტრაციას, როგორც “მეტრონომს” ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში უთხრეს, 2 თვე სჭირდება და საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად, მე და სხვა წვრილ კომპანიებს მოგვცემენ უფლებას თურქეთში ვიყიდოთ ზემოთხსენებული 3-დოლარიანი მედიკამენტი, ჩამოვიტანოთ და რეალიზაციაში გავუშვათ მცირემარჟიანი დანამატით, ბაზარზე ფასები ავტომატურად დაიწევს. ეს ეხება ძალიან ბევრ მედიკამენტს. თუმცა, სახელმწიფო რეგულაციების მიხედვით, არაევროკავშირის ქვეყნებიდან “პარალელური რეჟიმის” მედიკამენტების შემოტანა აკრძალულია.

თურქეთიდან “ეროვნული რეჟიმით” მედიკამენტების შემოტანა, ანუ თურქეთში წარმოებული წამლების იმპორტი შესაძლებელია ნებისმიერი პერსონოსთვის,   მაგრამ მსხვილ კომპანიებს, უმეტეს შემთხვევაში, თურქულ ქარხნებთან დადებული აქვთ ექსკლუზიური ხელშეკრულებები, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს. თურქეთიდან კონკრეტული წამლის იმპორტისთვის წვრილი მოთამაშე, მედიკამენტის რეგისტრაციისას ისეთ ბიუროკრატიულ პრობლემებს აწყდება, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება კონკრეტული პროდუქტის შემოტანა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კონკრეტულ ქარხანასა და ქართველ ფარმა-მონსტრებთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულებაა. წვრილი ბიზნესმენი შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებისას, პირდაპირ ქარხანას ეჯახება და ხელ-ფეხშეკრული რჩება. ამ შემთხვევაში, აშკარაა, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად. არის თუ არა კავშირი ფარმა-მონსტრებსა და სახელმწიფოს შორის ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თავად მკითხველმა შეაფასოს, თუმცა ერთი ფაქტია, რომ არსებული რეგულაციები ფარმაცევტულ ბაზარზე მხოლოდ მსხვილი მოთამაშეების წისქვილზე ასხამს წყალს.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა ფარმაცევტული დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსს, ქ-ნ ნაილი შენგელიძეს. მისი თქმით, 1072 დასახელების თურქული პროდუქტი ბაზარზე დაშვებულია, რაც მთლიანი ბაზრის 9.08 პროცენტს შეადგენს.

„მეტრონომი“: ქალბატონო ნაილი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ის რეგულაციები, რომლებიც დღეს არსებობს, საბოლოოდ მსხვილი კომპანიების წისქვილზე ასხამს წყალს, რითაც იჩაგრებიან წვრილი მოთამაშეები, რაც საბოლოოდ მედიკამენტების ფასებზე ისახება?

ნაილი შენგელიძე: „ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ეს პროცედურა მიდის ჩემ თვალწინ. რეალურად, 2009 წელს ბაზარი კიდევ უფრო ლიბერალური გახდა. თქვენ რომ მეუბნებით მსხვილი კომპანიების წისქვილზე ასხამსო წყალს, ეს ასე არ არის. უამრავი ახალი კომპანია შემოდის. ეს დაშვება, საქმიანობა, რეალიზაცია ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. დღეს რაც დაშვებულია ბაზარზე, იმაზე შეზღუდვა არ არსებობს. ცალსახად, უნდა იყოს ფარმაცევტული პროდუქტი რეგისტრირებული. ეროვნული რეჟიმით, რომელიც არის რეგისტრირებული, თუ მწარმოებელმა შეფუთვა-მარკირება შეცვალა, 10 დღიანი ვადაა შეტყობინებისათვის. თუ ეროვნულით და აღიარებით არის და თუ შესაძლებელია პარალელური იმპორტიც დაემატოს, ეს შეზღუდული არ არის N რაოდენობით შეიძლება დაემატოს“.

„მეტრონომი“: სამწუხაროდ, საქართველოში ისე ხდება, რომ კანონი ხშირად არ სრულდება. ვიცი, რომ ეს უშუალოდ თქვენ არ გეხებათ, მაგრამ გავიხსენოთ რა დაემართა „ჰუმანიტი ჯორჯიას“, რომელიც ზარ-ზეიმით შემოვიდა ბაზარზე და დახლებზე მისი პროდუქცია ძვირადღირებული მედიკამენტების უკან ეწყო და კლიენტებს სხვა პროდუქციას სთავაზობდნენ… ფაქტია, რომ წვრილი მეწარმეები ამბობენ, რომ მათ პრობლემები ექმნებათ წამლის რეგისტრაციის დროს. არ ფიქრობთ, რომ ჯანდაცვის სისტემაში უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო თუგინდ იმისათვის, რომ მხოლოდ მონოპოლისტებმა არ იხეირონ…

ნაილი შენგელიძე: „სააგენტო, სამინისტრო პრობლემებს ვხედავთ. როგორ უნდა ვთქვა, რომ პრობლემები არ არსებობს?! დღეს უამრავი საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება. რაც შეეხება კანონშემოქმედებით მხარეს, ეს უნდა კითხოთ კანონმდებლებს… ამ შემთხვევაში რესპონდენტად მე ვერ გამოგადგებით…“

„მეტრონომი“: აღამსრულებელი ხელისუფლების მიერ გამოვლენილი რამდენიმე ფაქტი, მინისტრის აქტიურობა, ხომ იქნებოდა ბიძგი კანონმდებლებისთვის რაიმე შეეცვალათ. თუკი მინისტრმა ყველაფერზე თქვა კარგიაო, ასე ხომ არაფერი შეიცვლება?

ნაილი შენგელიძე: „რომ მიადევნოთ თვალი საკანონმდებლო ცვლილებებს, ნახავთ, სააგენტო, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აირჩიოს საკანონმდებლო ისეთი ოქროს შუალედი, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს პაციენტის ინტერესებს და მეორეს მხრივ, ბიზნესის განვითარებას შეუწყოს ხელი. თქვენ რომ გადახედოთ სტატისტიკას, თუ რამდენი აფთიაქია ევროპაში და რამდენი ჩვენთან, დარწმუნდებით, როგორი ხელშეწყობა აქვს ბიზნესს საქართველოში. მთავარი მინდა გითხრათ, სერიოზულად იმუშავა სააგენტომ და სამინისტრომ წამლის ახალ პროექტზე. ახლა, ეს პროდუქტი ლიცენზირებას გადის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში“.

„მეტრონომი“: ეთანხმებით თუ არა ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილ ფაქტებს, სადაც დოკუმენტებით დასტურდება, რომ კონკრეტულ მედიკამენტზე დაფიქსირებულ თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის სხვაობა 300 პროცენტზე მეტია.

ნაილი შენგელიძე: „არ ვეთანხმები და გეტყვით რატომ. კარგი იქნებოდა თუ კონკრეტული, ერთი და იმავე კომპანიის მიერ შემოტანილი ერთი პროდუქტის თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შეადარებდით“.

„მეტრონომი“: ანუ მე არ მაქვს რომელიმე პროდუქტის თვითღირებულება თავად გავარკვიო და მერე შევადარო ბაზარზე არსებულ ფასს?

ნაილი შენგელიძე: „მე არც ერთ კომპანიას არ ვიცავ და ვაფარებ ხელს, მაგრამ კარგი იქნებოდა მე ჩემივე ნაყიდი და გასაყიდად გატანილი პროდუქციის ფასნამატი დამიდოთ წინ“.

„მეტრონომი“ მეორე წელია დოკუმენტებით ასაბუთებს (იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება), რომ რიგი მედიკამენტების თვითღირებულებასა და დახლებზე მითითებულ ფასებს შორის სხვაობა, ხშირ შემთხვევებში 300 პროცენტზე მეტია. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში რაიმე შეიცვალოს, ჩინოსნებს ხელისგულზე დადებული ფაქტების აღიარებაც კი უჭირთ. ხელისშემშლელ მკაცრ რეგულაციებზე მაღლა უკვე დავწერე, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს ბაზარზე ფასების დაწევას.

კიდევ ერთი საკითხი – „მეტრონომთან“, ფარმაცევტულ სფეროში მოღვაწე ექსპერტებიც არ მალავენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მინუსია, როცა ჯანდაცვა ექსკლუზიურ კონტრაქტებზე თვალს ხუჭავს. ამასთან, ისინი თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის შეზღუდვას ქვეყანაში ლაბორატორიების არარსებობას მიაწერენ, რაც ასევე აქილევსის ქუსლია ქართული ჯანდაცვის სისტემისათვის, მაგრამ საინტერესოა, თურქეთიდან, თუკი მედიკამენტების იმპორტს შეზღუდვა წამლების საეჭვო ხარისხს უკავშირდება, რატომ არ არის მსგავსი მკაცრი რეგულაციები საკვებ პროდუქტებზე, რომელიც ასევე თურქეთიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით არასათანადო კონტროლით შემოდის. საეჭვოა, ათასობით დასახელების საკვები პროდუქტის ხარისხი, ჩვენი ტექნიკური რესურსების პირობებში, სათანადოდ მოწმდებოდეს.

წვრილი ფარმაცევტული კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც კი გვითხრა, თუკი მომცემენ უფლებას თურქეთიდან ყველა სათანადო წესების დაცვით შემოვიტანო მედიკამენტები, მზად ვარ იმაზე გაცილებით ნაკლები ფასი ჰქონდეს რიგ პრეპარატებს, ვიდრე დღეს არისო.

ასე თუ ისე, ერთი ფაქტია, ვირუსით გარდაცვლილი და დაინფიცირებული ადამიანის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი ქვეყანაში ძვირია. გულდასაწყვეტია, როცა ინფორმაციას იღებ, რომ მეზობელ ქვეყანაში იგივე წამალი 4-5-ჯერ იაფია. საპასუხოდ, ექსპერტებისგან არგუმენტებს ისმენ, რომ ამის მიზეზი წამლის მწარმოებელი ქარხნისა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის ინდივიდუალური შეთანხმებაა. როცა ამ არგუმენტს ისმენ, რაც არ უნდა მისაღები იყოს ის, გიჩნდება განცდა, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს სტრატეგია, კრიტიკულ სიტუაციებში მოსახლეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს.

ამ ყველაფრის შემდეგ მახსენდება უფლებადამცველ ინგა ბერიკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის პათოსი ერთი ერთში ემთხვევა ამ სტატიის შინაარსს და მიზანს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რომელიც ფაქტებზე აგებული იქნება, რაც საბოლოო ჯამში, ჯაჭვივით აკინძავს ლოგიკას, რომელიც ხშირ შემთხვევებში, იწვევს ადექვატურ მოქმედებებს.

“არ ვიცი ვის გეხებათ, რა გეხებათ, მაგრამ სასწრაფოდ მიხედეთ ამ პრობლემას, წამლის მაფიამ უკვე წითელი ხაზები გადაკვეთა და თუ სასწრაფოდ არ დაუწევენ ფასებს და ეს ბაზრის მონოპოლია არ მოისპობა ხალხი აპირებს ქუჩაში გამოსვლას და ვეღარ შეაჩერებთ მათ! უკვე ხომ იშოვეს მილიარდები? ხოდა შეირგონ, სანამ ხალხი ისე არ გადავიდა ჭკუიდან რომ აგრესიით აიძულონ ამ პრობლემების მოგვარება მათ! სასწრაფოდ მიხედეთ მედიკამენტების მაფიას! ჩვეულებრივი მკვლელები არიან, რადგან წამალს ასჯერ, რომ გააძვირებ ნელი სიკვდილით კლავ მათ ვისაც სჭირდება წამალი და ვერ ყიდულობს…”, – წერს სოციალურ ქსელში ინგა ბერიკაშვილი.

ავტორი: გენო ჯოხიძე

იტვირთბა....