თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს ეპიზოდზე, მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია დაკითხეს, ამ წუთებში კი ამავე ეპიზოდზე, მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია იკითხება.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მთავარი მოწმეა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.
შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე 5 მოწმე იკითხება.
ადვოკატი გოჩა კვარაცხელიას მტკიცებით, დღდემდე სასამართლოში 90 მდე მოწმე დაიკითხა, თუმცა დ.ღ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალი არ დასტურდება.
როგორც ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, დ.ღ., რომელსაც 19 იანვარს აღკვეთის ღონისძიების ექვსთვიანი ვადა ეწურება, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა, პატიმრობიდან გაათავისუფლონ.
უფლებადამცველი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობის დაყენებას ვადის ამოწურვამდე გეგმავს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. დ.ღ. მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.