ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული დ.ღ. შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს საქმის განხილვა მიმდინარეობს.

პროცესზე 5 მოწმე დაიკითხება.

ადვოკატი გოჩა კვარაცხელიას მტკიცებით, დღდემდე სასამართლოში 90 მდე მოწმე დაიკითხა, თუმცა დ.ღ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალი არ დასტურდება.

როგორც ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, დ.ღ., რომელსაც 19 იანვარს აღკვეთის ღონისძიების ექვსთვიანი ვადა ეწურება, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა, პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

უფლებადამცველი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობის დაყენებას ვადის ამოწურვამდე გეგმავს.

„პროკურატურა თავად ვერ ასწრებს მტკიცებულებების გამოკვლევას აი ამ ექვს თვეში. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ დიდი დრო დაგვჭირდება. პროკურატურის, ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა და შემდეგ უკვე ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება. დაცვის მხარეს მტკიცებულებების ხუთი ტომი გვაქვს წარდგენილი. ამას ფიზიკურად ერთი კვირა კი არა, კიდევ საკმაო დრო დასჭირდება, სავარაუდოდ მინიმუმ რამდენიმე თვე მაინც.

ველოდებით კიდევ არასრულწლოვან მოწმეებს, ვინც არიან დარჩენილი. ასევე, გაგრძელდება წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა, როგორც ჩავეტევით დროში. სავარაუდოდ დილის 10:00 საათიდან პირველ საათამდე გვაქვს გამოყოფილი დრო და შესაბამისად, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ დროს“, – განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა. ​

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. დ.ღ. მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

იტვირთბა....