ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, ბექა ნაცვლიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების ფაქტს გამოეხმაურა.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს სხვა ქვეყნის გამოცდილებებს და შესაბამისად, მწვანე შუქს აუნთებს სამართლებრივადაც დაგროვებით პენსიას.
ნაცვლიშვილის თქმით, ის პროცენტი, რაც დასაქმებულმა საკუთარი ხელფასიდან უნდა იხადოს, გადასახადი არ არის, როგორც ამას მესამე სექტორი მიუთითებს.
„ეს არ არის გადასახადი, გამომდინარე იქიდან, რომ ამას აქვს მიზნობრივი ხასიათი. გადასახადი არის ის მოსაკრებელი, რომელიც შედის ბიუჯეტში და შემდეგ მთავრობა საზღვრავს თუ როგორ გაანაწილოს ეს ყველაფერი და როდესაც პირდაპირ, ერთადერთი მიზნით, საპენსიო შენატანის სახით შედის ეს საპენსიო ფონდში, ეს გადასახადი არ არის,”-განაცხადა ნაცვლიშვილმა.