„ალიბის გაკეთებაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ჩემი შეხედულება მქონდა, 2013 წლიდან მოყოლებული ვაფიქსირებდი პოზიციას, რომ არ შეიძლება რეფორმის ძველი მოსამართლეებით განხორციელება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
როგორც მან “მეტრონომთან” საუბრისას განმარტა, ძალიან უკვირს იმ ადამიანების, რომლებიც სვამენ შეკითხვას – აქამდე რატომ არ უპირისპირდებოდა ლევან მურუსიძის ფიგურას.
„ჩვენ ამ თემაზე 2013 წლიდან მოყოლებული ვსაუბრობთ, მე შემიძლია კონკრეტული სესიები გავიხსენო, როცა ჩვენ იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებისა და რედაქციების ვერსიებს ვუპირისპირდებოდით, ამას ვაკეთებდით ისეთი ფორმით, რომ გუნდში არსებული არ გამოგვეტანა სააშკარაოზე.
ახლაც სულ იმას გვსაყვედურობენ, საჯარო სივრცეში რატომ საუბრობთ ამაზეო. ჩვენი ამოცანა არ იყოს ამის გადმოტანა საჯარო სივრცეში, რამდენჯერმე, როცა უვადო დანიშვნების თემა შემოვიდა, საკმაოდ წარმომადგენლობით კონფერენციებზე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ მიმაჩნია რომ ეს ხალხი უვადოდ დასანიშნი კი არა, დასაჭერია-მეთქი და ამაზე მკვეთრი განცხადების გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩემმა განცხადებამ დიდი აგრესია გამოიწვია მურუსიძე-ჩინჩალაძის გუნდის მხრიდან.
მე ალიბის გაკეთებაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ჩემი პოზიცია მქონდა, ადრეც ვამბობდი, 2013 წლიდან მოყოლებული ვაფიქსირებდი პოზიციას, რომ არ შეიძლება რეფორმის ძველი მოსამართლეებით განხორციელება, რომ ისინი ყველაფერს მოაბრუნებენ სათავისოდ. როცა ჩვენ პოლიტპატიმრების სიას ვქმნიდით, ამნისტიას ვაკეთებდით, ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ვამბობდით – რომ არა ეს მოსამართლეები, ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ სამართლიანობა მოითხოვდა კორპუსის გამოცვლას“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მისთვის არგუმენტია არ არის, რაზე იყო აქამდე საუბარი და რაზე არა.
მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდნენ უღირსი მოსამართლეები.
“არ ვიცი სად ვეძებო იმის მტკიცებულება, რათა ჩემი ალიბი დავადასტურო, რომ მე მართლა ამ პოზიციაზე ვიყავი. მგონია, რომ ჩვენ ამ პოზიციას ყველა ეტაპზე ვაფიქსირებდით და თავი გასამართლებელი არ გვაქვს. ჩემთვის არგუმენტი აღარ არის, რაზე იყო აქამდე საუბარი, პრინციპულია ის, რომ უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდნენ უღირსი მოსამართლეები და იმის გამო თუ აქამდე ჩემი საპროტესტო ხმა ძალიან მკვეთრად არ ისმოდა, ვიღაცის გასაგონად, ახლაც გავჩუმდე, არამგონია სწორი არგუმენტი იყოს. ამ თემზე შეჩერება არ შეიძლება, უნდა შეჩერდეს სია და ისინი ვინც უვადოდ ინიშნებიან უნდა შეირჩნენ ძალიან მაღალი სტანდარტით და კრიტერიუმით, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გარანტია, რომ უზენაესი სასამართლო იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, აღმატებული ყველაფერზე და ისეთი ადამიანები იქნებიან იქ, რომ ჯიბის მოსამართლეებად ვერავინ აქცევს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.