Blogs ბლოგები მთავარი პოლიტიკა

ოცნებიდან ოცნებამდე – რა გველოდება 2019 წელს?

უცნობია რა გახდა შთაგონების წყარო ბიძინა ივანიშვილისათვის, როდესაც მან მის მიერ შექმნილ პარტიას უჩვეულო სახელი „ქართული ოცნება“ უწოდა.

შესაძლოა მან ჩათვალა, რომ ჩვენს კრიზისულ საზოგადოებას ოპტიმიზმის ახალი დოზა სჭირდებოდა. ოპტიმიზმი ხალხში მართლაც ჩაისახა, მაგრამ ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილში აღმოჩნდაგანსხეულებული.ხალხმა მისი ყოვლისშემძლეობა ირწმუნა.

ასე აღმოჩნდაივანიშვილიიმ მდგომარეობაში, რომელშიც ყოფნა მას, როგორც ჩანს, არანაირად არ სურდა და პრემიერ-მინისტრობიდან სწრაფად წასვლის ერთ-ერთი მიზეზიც ალბათ ეს გარემოებაც იქნებოდა. თუმცა, ეს ვერ აღმოჩნდა მისთვის საუკეთესო გამოსავალი. მის მიერ დატოვებულმა გუნდმა ვერ ივარგა ისე, როგორც ეს ივანიშვილს სურდა.

ხელისუფლებიდან წასვლის მიუხედავად, ყველა მაინც იმას ფიქრობდა, რომ ქვეყანაში ყველა საკვანძო გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებდა, ან მასთან თანხმდებოდა. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ეს მთლად ასეც არ იყო, მაგრამ ხალხს ხომ ასე სჯეროდა!

რადგანაც ოცნებების ახდენა დაპირებულ ვადებში ვერ მოხდა და მათი ახდენის რწმენა წლიდან წლამდე კლებულობდა, ხოლო მმართველი პარტია ავტორიტეტს კარგავდა, განუხრელად მიმდინარეობდა „ქართული ოცნების“ როგორც ხელისუფლების და თავად ივანიშვილის, როგორც ლიდერის დესაკრალიზაცია, ეს კი პროპორციულად აისახებოდა ყოველ მომდევნო არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის“  მიცემული ხმების კლებაში.

ასე მოვიდა „ქართული ოცნება“ 2018 წლამდე, როდესაც მისმა დესაკრალიზაციამ პიკს მიაღწია, რაც საზოგადოებამ მას მკაფიოდ დაანახა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.

თუმცა, ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების რეაქციიდან გაკვეთილი მიიღო და სათანადო დასკვნები გამოიტანა. პარტიის ლიდერის დაპირებული მასშტაბური ცვლილებები ჯერჯერობით დაპირებებად რჩება. არადა, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო დეკემბრის თვე იმისათვის მაინც გამოეყენებინა, რომ საზოგადოებისათვის დაპირებული ცვლილებების ზოგადი გეგმა მაინც შეეთავაზებინა, თუნდაც იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიღებული ამომრჩევლის ნდობის ვოტუმი შეენარჩუნებინა.

ამომრჩეველი მოლოდინის რეჟიმში იმყოფება. სავარაუდოდ, ეს მოლოდინი ჯერ კიდევ პოზიტიურ ხასიათს ატარებს, მაგრამ თუ მმართველმა პარტიამ ისე გააგრძელა მოქცევა, როგორც ეხლა იქცევა (თუნდაც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების პრობლემასთან მიმართებაში), მაშინ პოზიტიური მოლოდინი მდორედ გადავა მოლოდინის კრიზისის ფაზაში. თუ როგორ მთავრდება ხელისუფლებისათვის მოსახლეობის მხრიდან მოლოდინების კრიზისი, ეს ჩვენ ვნახეთ 2003 და 2012 წლებში და 2018 წლის ოქტომბერშიც.

ამჟამინდელი რეალობა კი დაახლოებით ასეთია: სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუტები (პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო) დისკრედიტირებულია. მათ ნდობისა და ავტორიტეტის გამყარების რესურსები თანდათანობით ეწურებათ. 2019 წელს ნდობის და ავტორიტეტის აღდგენა იქნება მათთვის მთავარი პრიორიტეტი. ეს კი მხოლოდ პოზიტიური ცვლილებებით და კონკრეტული რეფორმებით არის შესაძლებელი. ამ დროს, დაიწყო ახალი წელი და ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას ისე როგორც მართავს, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს ისე როგორც ცხოვრობს. სულ უფრო თვალშისაცემია განსხვავება ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ციფრების ოპტიმიზმსა და იმ განცდებს შორის, რაც რიგით მოქალაქეებს აქვს მათი რეალური ცხოვრებისგან. ისინი ვერ ხედავენ  მათთვის შეპირებული ოცნების ასრულების პირობებს და შესაბამისად უნდათ იცოდნენ, რა არის ის, რისთვისაც კიდევ გარკვეული პერიოდი უნდა ითმინონ ამჟამინდელი მდგომარეობა. უკეთესობის მოლოდინი უსაშველოდ გაიწელა, მოლოდინების კრიზისი კი უკმაყოფილების ზრდას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელი არ არის საარჩევნო წელი, 2018 წელს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ყველა მოელის, რომ წელს არის ქვეყანას პოლიტიკური დაძაბულობები არ მოაკლდება. ჩემი აზრით, 2019 წელს ქვეყნის განვითარებას უფრო ინერციული ხასიათი ექნება ვიდრე დინამიური.

დიდი ალბათობით მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს, ყოვლისმომცველ პოლიტიკურ და სოციალურ რეფორმებს 2019 წელს ნაკლებად უნდა ველოდოთ. „ქართული ოცნება,“ მართვის მისეული ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომელიც ევოლუციურ და არა რევოლუციურ ცვლილებებზეა ორიენტირებული, მასშტაბური და მტკივნეული რეფორმების გატარებას უბრალოდ ვერ გარისკავს. ამის ერთ ერთი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მას ამ რისკების დაზღვევის და მინიმიზირების საშუალებები აღარ აქვს. მას შეეშინდება მოსახლეობის განაწყენების, რადგანაც ხალხის უნდობლობა „ქართული ოცნების“  მიმართ დასაშვებზე მაღალია. საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, ისე როგორც ეს მოხდა, არ არის ხალხის ნდობის მაჩვენებელი და ეს ყველაზე კარგად ხელისუფლებაში ესმით.

მასშტაბური რეფორმების განხორციელების კიდევ ერთი შემაფერხებელი შეიძლება გახდეს „ქართული ოცნების“ სურვილი შეინარჩუნოს მისთვის ესოდენ სანუკვარი „სტაბილურობა,“ რომელიც გავლენიან ინტერესთა ჯგუფებთან კონსენსუსს ეფუძნება. ამ კონსენსუსის დარღვევა, კი მმართველ პარტიას შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. შესაბამისად, საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა სავარაუდოდ მატ ზომიერი როტაციის ფორმა უფრო ექნება და ხელისუფლების წამყვანი სახეების ამჟამინდელი კონფიგურაცია მეტნაკლებად უცვლელად შენარჩუნდება. მართალია, ივანიშვილმა  მინიმუმ ორჯერ აჩვენა საზოგადოებას, რომ პოლიტიკური გადარჩენისათვის მას უყოყმანოდ შეუძლია მსხვილი ფიგურების შეწირვა, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენებასაც აქვს თავის გონივრული ზღვრები.

რაც შეეხება პოლიტიკური რეფორმებს, რასაც ითხოვს ოპოზიცია, –  პარტიული და საარჩევნო სისტემების რეფორმირება, 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, საარჩევნო ბარიერის დაწევა და მრავალპარტიულობის ხელშეწყობისკენ მიმართული ცვლილებები, ისინი შესაძლოა განხორციელდეს. თუმცა, მმართველი პარტია აქაც შეეცდება პოლიტიკური ვაჭრობა გაწელოს და კოსმეტიკური ცვლილებები უშუალოდ არჩევნების წინ განახორციელოს.

2019 წელს აქტუალური იქნება სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების რეფორმის თემა, მათ შორის უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების საკითხი.  ძვრების მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად მძლავრი და მასშტაბური იქნება პოლიტიკური და სამოქალაქო ზეწოლა ხელისუფლებაზე.  დღესდღეობით პროტესტი პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფორმების მოთხოვნით,  არ არის ისეთი მძლავრი, რომ ხელისუფლება სერიოზულ დათმობაზე წავიდეს. გამოცდილება აჩვენებს, რომ ხალხის საპროტესტო განწყობებიდან საპროტესტო აქციებამდე, საკმაოდ დიდი მანძილია.

ამავე დროს, თუ ხალხი ხელისუფლებისგან  ვერ დაინახავს ვერავითარ კონკრეტულ ნაბიჯებს და უკეთესობისკენ ცვლილებებს, მოსახლეობის აქტიურ ნაწილში საპროტესტო განწყობები და საპროტესტო ქმედებებზე მოთხოვნილება და მოტივაცია გაიზრდება.  მოსახლეობის პასიურ ნაწილში კი სოციალური დეპრესია დაისადგურებს. სწორედ სოციალური დეპრესიის და მასთან ერთად ლატენტური სოციალური კონფლიქტურობის კომბინაციამ და ხელისუფლების პარალელურმა დესაკრალიზაციამ შეიძლება განაპირობოს დიდწილად 2019 წლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ატმოსფერო.  ამავე დროს, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების დესაკრალიზაციას, რომელიც სახეზეა, შეუძლია საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა, რისკზე წასვლის მზაობა და თავზეხელაღებული ქცევის მოტივაცია გააძლიეროს.

ამ საპროტესტო განწყობამ შეიძლება გარკვეულ მომენტში გადასწონოს საქართველოს რიგითი მოქალაქის ყოფით აზროვნებაში დომინირებადი ე.წ. სტაბილურობის მოთხოვნილება დაფუძნებული თეზისზე „ოღონდ კი უარესი არ მოხდეს.“

ჩვენი მოსახლეობას, ყოველ შემთხვევაში მის დიდ ნაწილს, აქვს ბუნებრივი და  ლოგიკური სურვილი  იცოდეს თუ რა მოელის თვალსაწიერ მომავალში და ამაზე პასუხს ხელისუფლებისგან ელის. „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა იდეოლოგემამ, მათ შორის „სისხლიანმა 9 წელმა“ და „ნაცების დაბრუნებამ,“ რომლითაც მმართველი პარტია აქამდე წარმატებით მანიპულირებდა ამომრჩეველთან, პრაქტიკულად თავი ამოწურა. საჭიროა რაღაც ახლის შეთავაზება, რომელიც მოსახლეობას მომავლის ორიენტირს დაანახებს.

 

ზაალ ანჯაფარიძე

 

იტვირთბა....