ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულმა არასრულწლოვანმა, დ.ღ.-მ დღეს, შესაძლოა, საპატიმრო დატოვოს. მას ექსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურება, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა კი 11:00 საათზე დაიწყო.
დაცვის მხარის ვარაუდით, დარჩენილ დროში, საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევას ვერ შეძლებენ და დ.ღ. საპატიმროს დატოვებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. დ.ღ. მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებითაა დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.