ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, დღეიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ გაიყიდება.
კონკრეტულად რომელ ფილიალებში გაიყიდება პრეპარატი, ამის გასაგებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, დავით ტორუას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, თავისი მარაგებიდან პრეპარატი აფთიაქებში დაერიგებინა.
„800 კოლოფი არის გადანაწილებული. დილით რაიონებშიც მოხდება აღნიშნული პრეპარატის გადანაწილება და ის დეფიციტი, რომელიც იყო, აღმოიფხვრება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უფასო მედიკამენტები კონკრეტული ჯგუფებისთვის – ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადებები“, – განაცხადა დავით ტორუამ.
შეგახსენებთ, რომ „ტამიფლუს“ მარაგები ქვეყანაში 10 იანვრიდან შეივსება. პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის ნებადართული.