მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა. ცერემონია დღეს, 5 იანვარს, სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა გიორგის ეკლესიაში შედგა.
უკრაინის ერთიანი, ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობის დამადასტურებელი სიგელის ხელმოწერის ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა. გამოცემა “უნიანის” თანახმად, განცხადებას გააკეთებს როგორც პოროშენკო, ისე კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე და უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის ახლადარჩეული ხელმძღვანელი ეპიფანე.
უკვე ხვალ, 6 იანვარს, ლიტურგიის შემდეგ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ხელმოწერილი დოკუმენტი მის წინამძღოლს, ეპიფანეს, ოფიციალურად გადაეცემა. 7 იანვარს, კიევის წმინდა სოფიას ტაძარში კი, დოკუმენტის ტექსტს საზოგადოებას გააცნობენ.