ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა, ადვოკატმა კახა კოჟორიძემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა არა მარტო მურუსიძეს, არამედ ვინც მის უვადო გამწესებას მხარი დაუჭირა ღია ეთერში ოპონირება გაუწიოს.
კოჟორიძის თქმით, ის გაკვირვებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე საზოგადოებას სამართლებრივ დებატებში იწვევს.
„მურუსიძე საუბრობს ბევრ რამეზე, მათ შორის იმაზე, რომ რა ცუდი იყო წინა ხელისუფლების დროს „ნულოვანი ტოლერანტობა“ და რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა. მურუსიძეს სხვა რომ ყველაფერი ხუთიანზე გაეკეთებინა, ჩემი აზრით, მარტო მის მიერ გავრცელებული განცხადება არის იმის საფუძველი, რომ ასეთი ადამიანი არ იყოს სასამართლო სისტემაში. ასეა იმიტომ, რომ ამ განცხადებით მურუსიძემ თქვა შემდეგი – ცუდი იყო, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდაო. გასაკვირია ის, რომ ის ამგვარ შეფასებას აკეთებს მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლება ხელისუფლებაში აღარაა. მანამდე ის ემსახურებოდა იმ სამართალს, რომელზეც ის ახლა ამბობს, რომ ცუდი იყო.
სამწუხაროდ, მას წინა ხელისუფლების პირობებში მართლმსაჯულების სისტემაზე არც ერთი კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებია. თან ამატებს – მოსამართლეები კანონით ვიყავით შეზღუდული და აბა რა გვექნაო? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – მურუსიძის განცხადებები არის აბსოლუტურად არასწორი და მიუღებელი პოზიცია.
მოსამართლეს, რომელიც მაშინ ფიქრობდა, რომ უსამართლო კანონებით უწევდა გადაწყვეტილებების მიღება, რამდენიმე ალტერნატივა ჰქონდა, მაგალითად, მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოეთხოვა დადებითი გადაწყვეტილების მიღება უსამართლო კანონებთან დაკავშირებით. ან დაეწერა განსხვავებული აზრი, ან განემარტა ეს კანონი და კონსტიტუციურ პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიეღო.
არც ერთი ამის მსგავსი რამ მურუსიძეს არ გაუკეთებია არასდროს და დღეს, ხელისუფლებიდან „ნაცმოძრაობის“ წასვლის მეშვიდე წელს მათ კრიტიკოსად გვევლინება, რაც გაუგებარიც კი არის. ახლა გამოდის, რომ ადრე ის უკანონო გადაწყვეტილებებს უსამართლო კანონებით იღებდა და ახლა ცდილობს თავისი გადაწყვეტილებების გამართლებას.
მურუსიძის არგუმენტები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მე ცოტა გაკვირვებულიც ვარ, რომ ის საზოგადოებას სამართლებრივ დებატებშიც იწვევს. სიამოვნებით ვიღებ ამ გამოწვევას. მზად ვარ, არა მარტო მურუსიძეს, არამედ მათ, ვინც მურუსიძის უვადოდ გამწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, ყველას ერთად რომელიმე ღია ეთერში გავუწიო ოპონირება,” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.