მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს.
„ყველა ჩვენი ძალისხმევის რეალიზება მოსალოდნელია 6 იანვარს, როდესაც ჩვენ ვაპირებთ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ჩუქებას და დღესასწაულს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან ერთად“, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა, რომლის მიმართვაც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე „orthodoxia.info“.
კონსტანტინეპოლის პატრიარქის თქმით, უკრაინის სასულიერო პირებმა უკვე დაიწყეს ფანარზე ჩასვლა, ხოლო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებმა უნდა შეისწავლონ წერილის დეტალები, რათა შეუდგნენ ახალი ეკლესიის აღიარების პროცესს.
ბართლომემ ამავე ეკლესიების მეთაურებს მოუწოდა, აღიარონ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალურ ეკლესიად.
„თუკი გადავწყვეტთ ჩვენი ძმების იგნორირებას, რომლებსაც უწევთ უკრაინაში გაშმაგებული ბრძოლის გადატანა, ჩვენ არ გვექნება არავითარი გამართლება სამსჯავროს დღეს“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს კიევში გამაერთიანებელი კრება ჩატარდა, რომელზეც უკრაინის სამი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ეკლესიის შექმნის შესახებ და მის მეთაურად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.