“ქართული ოცნების” წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთში, 3 იანვარს მომხდარ მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, რომ არა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობა, ორმაგი მკვლელობა არ მოხდებოდა.
“თიანეთში ჩადენილი დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ დანაშაული ჩადენილია სიმთვრალეში, რაც ჩემთვის ძალიან საგანგაშოა, იმიტომ რომ მთაში – თიანეთში, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ ნაწილში, ძალიან გახშირდა სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები. როცა მე გამოვდიოდი და საჯაროდ ვაკრიტიკებდი ალკოჰოლური თრობის პროპაგანდას, ბევრი იუმორით ხვდებოდა, რომ კაპოტზე ქეიფის პროპაგანდა ჩვეულებრივი, სახუმარო ამბავია და არა სერიოზული”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა დარწმუნდება რა მძიმე შედეგები გამოიღო მავნე ცხოვრების პროპაგანდამ.
“როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კაპოტზე ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როცა ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის თაროები სავსეა ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდა, რაც საჯარო სივრცეში, ევროპასა და ამერიკაში აკრძალულია. ჩვენთან ხდება უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა სიმთვრალე, თიანეთში ორმაგი მკვლელობა არ მოხდებოდა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილლმა.
დაბა თიანეთში მკვლელობა გუშინ, 3 იანვარს მოხდა. დაპირისპირების შედეგად, მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 109-ემუხლით დაიწყო.