ეკა ბესელიას “გაწირვით”, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ როგორი გავლენა აქვს პარლამენტის სპიკერს და მის გუნდს დღეს ქართულ პოლიტიკაში. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოლიტიკური წონა შუშის სასახლეში ყოველთვის საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის კობახიძის და მისი გუნდის გავლენა დღეს უფრო მნიშვნელოვანია მისი პირადი პოლიტიკური იმუნიტეტისთვის, რომელმაც მომავალში, მას ხელისუფლება უნდა შეუნარჩუნოს.
ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილი და მისი დაცვა ერთია და რეალობა მეორე – მმართველი პარტიიდან უკვე წამყვანი ფიგურების წასვლის საშიშროება გაჩნდა, რაც, რა თქმა უნდა, ივანიშვილს არ უნდა აწყობდეს.
შუშის სასახლის მეპატრონეს კარგად ესმის, რომ ბესელიასნაირების წასვლით “ქართული ოცნება” გარკვეულ წონას დაკარგავს. თავის მხრივ ლონდონიდან დაბრუნებული ბესელია კი შეეცდება ზუსტად ამით ევაჭროს მმართველი პარტიის ლიდერს და პარტიაში დარჩენის ხარჯზე თავისი პირობები შეასრულებინოს. ბესელიას ამის გაკეთება გაუჭირდება, თუმცა, თავის მხრივ, ივანიშვილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვარდება, რადგან მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ბესელიას პარტიიდან წასვლა პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის საშოშროებას შექმნის. ეს კი მცირე თავსატეხად შეიძლება ექცეს “ქართული ოცნების” მთავარ პერსონას.
რაც შეეხება ბესელიას, მან ზუსტად იცის, რომ მისი ოპოზიციაში გადასვლა მომგებიანი პოლიტიკური სვლა ვერ აღმოჩნდება ელემენტარული მიზეზის გამო – ის დანარჩენ ოპოზიციაში არ უყვართ. მას ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად გაუხსენებენ პოლიტპატიმრების სიის ამბავს, ან თუგინდ ელისაშვილთან დაპირისპირების მიზეზებს და იურიდიული კომიტეტის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ოპოზიციაში კომფორტულად თავს ნამდვილად ვერ იგრძნობს. ყოველ შემთხვევაში, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირების დროს, მთლად მაღალი ვერ იქნება.
ბესელიას რჩება ერთი ნორმალური სვლა – იმისათვის, რომ ის გამოვიდეს წაგებული პოლიტიკოსის სიტუაციიდან, უნდა შექმნას ფრაქცია და სოლიდური ნაბიჯებით შეეცადოს პარლამენტის დარბაზიდან მმართველ პარტიასთან აკადემიური ოპონირებით მოახდინოს საკუტარი თავის რეაბილიტაცია.
ფრაქციის შესაქმნელად ბესელიას ორი პერსონა უკვე ჰყავს – გედევან ფოფხაძე და დავით ჭიჭინაძე. ამ უკანასკნელმა უკვე თქვა, რომ “პატრიოტთა ალიანსიდან” მოდის, რითაც პრინციპში, ირიბად მიანიშნა კიდეც, რომ პარლამენტში ახალი პოლიტიკური პლაცდარმის შექმნის რეალობა ნამდვილად არსებობს.
ბესელიას ფრაქციის შესაქმნელად მორიგი სამი პოლიტიკური ფიგურის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, თუ ვინ იქნებიან ისინი, რადგან ეკა ბესელიას ახალი პოლიტიკური გუნდის მომავალი დიდწილად, ამაზეც იქნება დამოკიდებული.
ერთი ფაქტია, ეკა ბესელია პირველ რაუნდში უკვე დამარცხდა და ამ ბრძოლაში პოლიტიკურ ტაბლოზე ანგარიში რომ გათანაბრდეს, მას სერიოზული ძალისხმევა მართებს. მითუმეტეს, მას ბრძოლა უწევს პარლამენტის სპიკერთან, რომელმაც საკმაოდ მაღალი ქულები დაიგროვა მმართველ პარტიაში და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მის უკან ერთ მხარეს კალაძე და მეორე მხარეს ივანიშვილი დგანან. ასეთ პოლიტიკურ მონსტრებთან ანგარიშის გათანაბრება კი ბესელიას ძალიან გაუჭირდება.
ასე რომ, ბესელიას უკან გავეშებული ოპოზიცია ელის, წინ კი – მმართველი პარტიის მონსტრები. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, ბესელიას ბევრ რამეზე მოუწევს ფიქრი. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მის მიმართ კომპრომატების გამომზეურება უკვე მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა პირებმა დაიწყეს, არ არის გამორიცხული კომპრომატების ომი გაგრძელდეს, რაც ერთის მხრივ, მმართველი პარტია კიდევ უფრო გაშიშვლდება და მეორეს მხრივ, ქართულ პოლიტიკას შესაძლოა, სარგებელიც კი მოუტანოს.
გენო ჯოხიძე