“ვინ დაავალა გია აბაშიძეს ასეთი განცხადებების გაკეთება, ამას აუცილებლად გავარკვევ როცა ჩამოვალ, ისე, 2-3 დღის წინ გამაფრთხილეს, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაც პროვოკაციები მზადდებოდა” – ასეთი განცხადება გააკეთა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “რუსთავი 2”-თან მის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალზე.
“ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს. მეღიმება მაინც, ეს რამ მოაფიქრათ“, – წერს ეკა ბესელია “ფეისბუქის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ერთმანეთის მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს, სადაც მათ ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს. პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეკა ბესელიას ქრთამის აღების ფაქტზე საუბრობს.