2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ხურდის დამრგვალების წესი ამოქმედდა, რის მიხედვითაც, 1 და 2 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე, 3 და 4 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე, 6 და 7 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე, 8-9 თეთრზე დასრულებული თანხა მრგვალდება მეტობით – ათეულამდე.
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, დადგენილი წესი არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტზე და სერვისზე ფასების ცვლილებას და დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში, როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების საერთო ჯამურ ღირებულებაზე.
აღსანიშნავია, რომ იგეგმება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება, რადგან ეროვნული ბანკის განმარტებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დამზადება და შენახვა მათ მსყიდველობით ღირებულებაზე ძვირი ჯდება.
ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე.