მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიდი ინტერესით ელოდება ვანო ზარდიაშვილის განმარტებას.
როგორც ის განმარტავს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან ერთად სხვა პირებიც ადანაშაულებდნენ გიორგანაშვილს ნარკოტიკების შემოტანაში, რასთან დაკავშირებითაც მათ განმარტება უნდა გააკეთონ.
“სასამართლომ დაადასტურა, რომ ჭორაობა, რომელიც მაღალი თანამდებობის პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან ბახალასთან დაკავშირებით გავრცელდა, სიცრუე აღმოჩნდა. დიდი ინტერესით ველოდები ვანო ზარდიაშვილი განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რაზეც ის ყოველთვის საუბრობდა. ძალიან მაინტერესებს, ახლა რა კომენტარს გაკეთებს, ის გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკების შემოტანასა და გასაღებაში ადანაშაულებდა. მან როგორც პასუხისგებლობის მქონე პოლიტიკოსმა, თუ არის ასეთი და ასეთად მიიჩნევს თავს, განმარტება უნდა გააკეთოს. პირველი, ამას ველოდები ზარდიაშვილისგან და ასევე სხვებისგან, ვინც ამაში გაერივნენ”, – აცხადებს ადვოკატი.
როგორც ის აღნიშნავს, სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში ჰქონდა, ვინაიდან საქმეში გიორგანაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა.
“ამ გადაწყვეტილებას ველოდით, რადგან გიორგი გიორგანაშვილის მიმართ ამ საქმეში არ იყო არც ერთი მყარი მტკიცებულება წარმოდგენილი. არც მეორე საქმეში უნდა ყოფილიყო ის შედეგი, რაც დადგა და მას დღეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა არ უნდა ჰქონდეს მისჯილი. თუმცა, ეს საქმე ბევრად სუსტი იყო, ვიდრე წინა საქმე.
ძალიან გახარებულები ვართ, ვინაიდან სასამართლოში დღეს არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც არავის გავლენის ქვეშ არ ექცევიან და სამართლოან გადაწყვეტილებას იღებენ. ბრალის ფორმულირებასთან ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, ირაკლი ქორიძის მიმართებაშიც, ორგანიზებული დანაშაული როგორ იყო და რა კვალიფიკაციით მიენიჭა”, – განაცხადა მახარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე ბახალა უდანაშაულოდ ცნო.