ახალ წლამდე სულ რაღაც სამი დღე დარჩა, სადღესასწაულო სამზადისის განუყოფელი ნაწილი კი სუფრაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი ახალ წელს სახლში არ ხვდება, ოჯახების უმრავლესობა 12 საათს ტრადიციული თუ არატრადიციული კერძებით გაწყობილ სუფრასთან ელის.
„მეტრონომი“ შეეცადა გაერკვია, რა დაუჯდება საახალწლო სუფრა ოჯახს. სიცივისგან და დაღლილობისგან შეწუხებულ მოვაჭრეთა ნაწილს მხოლოდ ფასების გასარკვევად მისული ჟურნალისტის დანახვა არ სიამოვნებთ, თუმცა მათი უმრავლესობა დაუზარლად გვესაუბრა პროდუქტების ღირებულებაზე.
საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია გოჭი, რომელიც შეგიძლიათ ერთი კილოგრამი 13 ლარად შეიძინოთ, ტრადიციული კერძის – საცივის მთავარი ინგრედიენტის, დიდი ზომის ინდაურის საყიდლად კი 70-80 ლარი დაგჭირდებათ. თუ ინდაურის ნაცვლად ქათმის შეძენა გსურთ, ერთ კილოგრამს 7 ლარად იყიდით. რთულია ისეთი ოჯახის მოძებნა, რომელთან სტუმრობისასაც ახალი წლის დღეებში გოზინაყი არ დაგხვდებათ. ზოგი მათგანი ამ ტკბილეულის მზა სახით შეძენას ამჯობინებს, თუმცა ბევრი ადამიანისთვის გოზინაყის მომზადების რიტუალი დღესასწაულის მთავარი ნაწილია.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ ნუგბარისთვის აუცილებელი პროდუქტები ყოველთვის ძვირია, გოზინაყის მომზადება იაფი არც წელს დაგიჯდებათ – როგორც მოვაჭრეები გვეუბნებიან, ნიგვზის შეძენა 17-25 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, თაფლს კი 15 ლარად იყიდით.
რაც შეეხება მსოფლიოში სახელგანთქმული ხაჭაპურის უმთავრეს ინგრედიენტს – ყველს, მისი ფასი 10 -დან 13 ლარამდე მერყეობს, 1 კილოგრამ ფქვილს კი 2 ლარზე ნაკლებად იყიდით.
თევზის მოყვარულებს კილოგრამ ცოცხალ კალმახში 12 ლარის გადახდა მოუწევთ, თუმცა გაყინული თევზის ფასი 5 ლარიდან იწყება. როგორც ბაზარში გვითხრეს, გოჭის და ინდაურის ხორცთან ერთად საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდება საქონლის ხორციც, რომლის ფასიც გოჭის ხორცის მსგავსად 13 ლარია. როგორც „მეტრონომმა“ გაარკვია, 1კგ. ქამა სოკო 8 ლარი ღირს, ბადრიჯანი 4 ლარი, კიტრი 2.5, ხოლო 1 კგ. პამიდვრის ღირებულება 5 ლარია.
1 კგ შოკოლადის კანფეტის მინიმალური ფასი 6 ლარია და მაქსიმალური 30 ლარს აჭარბებს, ნიგვზით დამზადებული ჩურჩხელა 3 ლარი ღირს, კილოგრამი ბანანი 3,5 ლარი ღირს, ფორთოხალი 2 ლარი, კივი 1.5 ლარი, ვაშლის და მანდარინის შეძენა კი 1 ლარადაც არის შესაძლებელი.