მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის(ბახალას) საქმეზე, შესაძლოა დღეს განაჩენი გამოცხადდეს.
გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ედება, მასთან ერთად იმავე ბრალდებით დაკავებულია რაკლი ქორიძე.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას, ბრალდებულები კი საბოლო სიტყვებს წარმოთქვამენ. ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა.
გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი, გიორგი მახარაძე საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ელის:
“დღეს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში არ არსებობს არც ერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გიორგი გიორგანაშვილის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას. თუ სასამართლომ გამამტყნებელი განაჩენი გამოიტანა, მისი ბრალი 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლემ მინიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მიუსაჯოს ბრალდებულს, რაც ძალიან დაბალი სტანდარტის დამკვიდრება იქნება. მაგალითად, მე თუ დამაკავეს და რომელიმე თქვენგანზე ვთქვი, რომ ნარკოტიკული საშუალება მომეცით, ეს საკმარისი მტკიცებულება გამოდის, რომ თქვენც დაგაკავონ”, – აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილს შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.