ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგურები პარალიზებულია

დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები, კომაპნია “მეტროს” წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორივე ავტოსადგური თითქმის პარალიზებულია.

როგორც მძღოლები განმარტავენ, აღნიშნული კომპანია მგზავრთა გადაყვანას დასავლეთის მიმართულებით სრულიად უკანონოდ ახორციელებს.

„ტრანსპორტის პროფკავშირების“ ხელმძღვანელ ლავრენტი ალანიას განცხადებით, კანონის მიხედვით მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ ავტოსადგურებიდანაა დაშვებული.

„მეტრო პლუსმა“ კი ე.წ. ჯიხური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადგა და კანონის გვერდის ავლით მგზავრების გადაყვანას ახორციელებს.

მძღოლების თქმით, დაახლოებით, თვენახევარია, რაც ეს პროცესი გრძელდება, შესაბამისად, მათ მგზავრები დაკარგეს და დასავლეთის მიმართულებით უწევთ სრულიად ცარიელი გადაადგილება.

კომპანია „მეტრო პლუსის“ საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ რეაგირებისთვის მიმართეს, როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, აგრეთვე თბილისის მერიასაც, თუმცა როგორც ამბობენ, მათგან არანაირი რეგირება არ მომხდარა.

მძღოლების განმარტებით, თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება, ისინი პერმანენტული აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და უფრო ფართო მასშტაბიანი აქცია, ამჯერად სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან გაიმართება.

ისინი აცხადებენ, რომ კომპანია „მეტრო პლუსს“ მთავრობაში მფარველი ჰყავს, რადგან აღნიშნული კომპანია ცდილობს, მგზავრთგადაყვანის მიმართულებით ბაზარზე მონოპოლისტი გახდეს.

იტვირთბა....