აქტუალური თემა ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი

ენძელა მაჭავარიანი – ბიძინა ივანიშვილი განსხვავებული მასშტაბის საზოგადო მოღვაწეა (ბლიც-ინტერვიუ)

ბიძინა ივანიშვილი, გიორგი მარგველაშვილი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო საქმიანობა, – ამ და სხვა თემებზე “მეტრონომი” საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ენძელა მაჭავარიანს ესაუბრა.

მეტრონომი: ხშირად კვორუმი ვერ იკრიბება. თავად რამდენი გაცდენა გაქვთ და ძირითადად, რა მიზეზით აცდენთ?

ენძელა მაჭავარიანი: გაცდენები თითქმის არ მაქვს. ყველა ჩემი გაცდენა იყო ავადმყოფობის გამო;

მეტრონომი: რას ფიქრობთ პარლამენტში არსებულ მუდმივ ხელჩართულ ჩხუბსა და ლანძღვა-გინებაზე?

ენძელა მაჭავარიანი: არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში მუდმივი ხელჩართული ჩხუბი და ლანძღვა-გინებაა. ჩვენ ძველი ტრადიციული სახელმწიფო გვაქვს. თუმცა, დემოკრატიული მმართველობა შედარებით ახალია და ეს დაპირისპირებებიც ბუნებრივია, ადამიანურია და არაფერი ადამიანური, არც ჩემთვის არის უცხო;

მეტრონომი: თქვენ ერთხელ მარგველაშვილის სახელი ვერ გაიხსენეთ. რითი დაგამახსოვრდათ ის?

ენძელა მაჭავარიანი: ეს ამბავი ასე არ იყო. პერსონა, პიროვნება, საერთოდ არაფერ შუაში იყო. პრემიერის ასაკის განსაზღვრაზე, ვსაუბრობდი და მინდოდა მეთქვა, თუ პრეზიდენტის ასაკია განსაზღვრული კონსტიტუციით, რატომ პრემიერის არ არის-თქო? უცბად, სიტყვა „პრეზიდენტი“ ვერ გავიხსენე და იუმორით წამოვიძახე, „იმას რა ჯანდაბა ქვია?“ დარწმუნებული ვიყავი, რთული სამუშაო პროცესი, ცოტა გამხიარულდებოდა. საერთოდ, მშვიდი და ჰუმანური ადამიანი ვარ და კონკრეტულ ადამიანზე, პრეზიდენტი იქნება, პრემიერი თუ უცნობი შემხვედრი, ასეთ რამეს არასოდეს ვიტყვი. საერთოდ უნიკალური მეხსიერება მაქვს და მარგველაშვილიც ბევრი რამით დამამახსოვრდა. ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ იგი არის ჩემთვის ძალიან საყვარელი ბავშვის, თემოს მამა. თომა არ მინახავს, თუმცა ფოტოზე ისიც ძალიან საყვარელია;

მეტრონომი: კახა კალაძემ განაცხადა, იმ ქვეყნის დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადაატრიალებსო. როგორ შეაფასებდით მის ნათქვამს?

ენძელა მაჭავარიანი: სასტიკად არ მოუხდა, ეს არც კახას ხასიათია და არც მისი სტილი.

მეტრონომი: რომელ წიგნი წაიკითხეთ ბოლოს?

ენძელა მაჭავარიანი: ახლახან დავასრულე აკა მორჩილაძის „კუპიდონი კრემლის კედელთან“. კითხვა ჩემი ცხოვრების არსებითი ნაწილია, სულ ვკითხულობ. ვკითხულობ რამდენიმე წიგნს პარალელურ რეჟიმში, მათ შორის ერთი, ძირითადი საკითხავი ყოველთვის ის წიგნია, რომელსაც პირველად ვკითხულობ, დანარჩენი წაკითხული, ჩემთვის ძალიან საყვარელი ავტორები, პუბლიცისტური წერილები, მემუარები და საგანმანათლებლო ხასითის კვლევებია. ახლა პირველად ვკითხულობ სალმან რუშდის „შუაღამის შვილებს“, პარალელურად მაქვს რევაზ ინანიშვილის რჩეული მოთხრობები, ნაირა გელაშვილის თარგმანი „რაინერ მარია რილკე“, კავკასიური სახლის გამოცემული „მწვანე ანთოლოგია“ და ჩემი ბავშვობის დროინდელი გამოცემა „კორეული ზღაპრები“ მსოფლიო ხალხთა ზღაპრების სერიიდან;

მეტრონომი: მოგიწევიათ თუ არა მარიხუანა და ემხრობით მის დეკრიმინალიზაციას?

ენძელა მაჭავარიანი: არ მომიწევია, მინახავს მხოლოდ ტელევიზიით. მაინტერესებდა, მაგრამ „გირჩის“ ოფისშიც ვერ მოვასწარი მისვლა. დეკრიმინალიზაციას კი, ლეგალიზაციას არა. თუმცა, დეკიმინალიზაციის შემთხვევაშიც მეტი შეზღუდვების მომხრე ვარ, ვიდრე ახლა გვაქვს. მარიხუანას გამო, შეიძლება წლების განმავლობაში პატიმრობა არ არის სამართლიანი, მაგრამ შეზღუდვები აუცილებელია. მე მეშინია ნარკოტიკების;

მეტრონომი: უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ეკლესია ბიუჯეტიდან?

ენძელა მაჭავარიანი: დიახ, უნდა ფინანსდებოდეს. მართალია ჩვენი მართლმადიდებლი ეკლესია და სხვა ტრადიციული რელიგიები და კონფესიები იღებენ კომპენსაციას იმ მორალური და მატერიალური ზარალისთვის, რომელიც მათ ოკუპაციის წლებში მიადგა. თუმცა, რომ ფინანსდებოდეს კარგი იქნებოდა. ადრე ჩვენი მამა-პაპა, თავისი შემოსავლის მეათედს ეკლესიას სწირავდა, მე ვფიქრობ, ჩვენც რომ ასე გავაკეთოთ, უფალი ერთს ათასად დაგვიბრუნებს;

მეტრონომი: ვინ არის ყველაზე სიმპატიური ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცი?

ენძელა მაჭავარიანი: ქართულ პოლიტიკაში ბევრი სიმპატიური მამაკაცია, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად არიან ისინი პოლიტიკოსები;

მეტრონომი: ვინ არის ქვეყანაში ყველაზე დიდი ავტორიტეტი?

ენძელა მაჭავარიანი: გააჩნია რა სფეროს ავიღებთ, ბელადების და მესიანიზმის მომხრე არ ვარ, თუმცა ჩემთვის ბევრი ადამიანია ავტორიტეტი, ჩამოთვლა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად;

მეტრონომი: ბიძინა ივანიშვილს წარსულში მოღვაწე რომელ ქართველს შეადარებდით და რატომ?

ენძელა მაჭავარიანი: ზოგადად ადამიანების ერთმანეთისთვის შედარება ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს ვერავის შევადარებ. 21-ე საუკუნე ყველაფერში განსაკუთრებულ მასშტაბს გვთავაზობს, ბიძინა ივანიშვილიც, შესაბამისად განსხვავებული მასშტაბის საზოგადო მოღვაწეა, გამორჩეული და განსაკუთრებულია მთელი მისი ოჯახი. მე გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ იმ თავმდაბლობით და მარადიული ღირებულებების იმ სწორი შეფასებით, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ქალბატონი ეკატერინე, ცხოვრების ყველა საფეხურზე ინარჩუნებენ. ჩვენ გვეჩქარება, დროს არა, ისტორია ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს ამ განსაკუთრებულ ადამიანებს;

მეტრონომი: თქვენი აზრით, საკმარისია თუ არა საარსებო მინიმუმი და პენსია მოქალაქისთვის?

ენძელა მაჭავარიანი: ცხადია, არ არის საკმარისი. თავად ცნება, საარსებო მინიმუმი, არ მოიცავს საკმარისის შინაარს, ეს არის საჭირო იმისთვის, რომ იარსებოს, თავი გაიტანოს ადამიანმა. თუმცა, ეს თანხა, მე ვფიქრობ, ამისთვისაც არ არის საკმარისი.ძალიან მცირეა პენსია. ჩემთვის ეს პრობლემა და ზოგადად სიღარიბე ძალიან დიდი გამოწვევაა. მე თვითონ ამ წრიდან ვარ და ჩემი ცხოვრების მიზანი სიღარიბესთან ბრძოლაა;

მეტრონომი: ნიკა მელიას როგორ დაახასიათებდით?

ენძელა მაჭავარიანი: რატომ უნდა მოვცდეთ ამაზე სასაუბროდ? ან მე რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რასაც თავად ამბობს საკუთარ თავზე?!

მეტრონომი: რაიმე სახალისო მომენტს ხომ ვერ გაიხსენებდით პარტიის შეკრებიდან და პარლამენტის სხდომიდან?

ენძელა მაჭავარიანი: რაღა უნდა გავიხსენო, ისედაც ყველაფერი “იუთუბზე” დევს;

მეტრონომი: რა ჟანრის მუსიკას უსმენთ და კონკრეტულად ვის?

ენძელა მაჭავარიანი: მუსიკას სულ ვუსმენ. როგორ ხასიათზე და განწყობაზეც ვარ, იმის მიხედვით. მიყვარს ირაკლი ჩარკვიანი, ზაზა ხუციშვილი, რობი კუხიანიძე, თემურ თათარაშვილი, ნიაზ დიასამიძე, ფორტე, ქართული ტრიოები, მანანა მენაბდე, ალექსანდრე ბასილაია, ფრანკოფონი ვარ და ძალიან მიყვარს ფრანგული სიმღერები. განსაკუთრებით მომწონს ბერას ფრანგული სიმღერები, რომელი ერთი ჩამოვთვალო. მოკლედ, უმუსიკოდ ვერ ვცხოვრობ;

მეტრონომი: დაასახელეთ ბიძინა ივანიშვილის ერთი პოზიტივი და ერთი ნეგატივი „ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის პერიოდში…

ენძელა მაჭავარიანი: პოზიტივი ნაცების დამარცხება. ნეგატივი კოაბიტაცია ასეთი მასშტაბური ფორმით;

მეტრონომი: რას წარმოადგენს ახლა მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის?

ენძელა მაჭავარიანი: ყოველთვის მარიონეტი იყო. ახლა მისი „კინო მორჩა“ და ცდილობს მაოხრებელ გზირად იქცეს. მე ვფიქრობ, ეს არ გამოუვა;

მეტრონომი: იმ არასამთავრობოებზე რას ფიქრობთ ირაკლი კობახიძემ რომ ფაშისტები უწოდა (ახალგაზრდა იურისტები, საერთშორისო გამჭირვალობა, სამართლიანი არჩევნები)?

ენძელა მაჭავარიანი: ამქვეყნად იმდენი პრობლემებია, იმ არასამთავრობოებზე ნამდვილად არაფერს ვფიქრობ. ისე, ძლიერი და ობიექტური არასამთავრობო სექტორი დემოკრატიისთვის აუცილებელი ფაქტორია;

მეტრონომი: რას აკრძალავდით ქვეყანაში?

ენძელა მაჭავარიანი: დაბეჯითებით ვიტყვი, რომ აკრძალვა თითქმის არასოდეს არის პრევენცია, ამიტომ არაფერს არ ავკრძალავდი. ვისურვებდი ჯანმრთელი, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას, რათა სწორად ვმართოთ ქვეყანა და აკრძალვები არ გახდეს საჭირო;

მეტრონომი: დედაქალაქის მერიამ ულამაზესი განათება გააკეთა, თითქმის ყველას მოწონს ოპონენტსაც და მომხრეც, ამბობენ, რომ მსგავსი არ ყოფილა თბილისში… თუმცა, ზოგიერთი აცხადებს, რომ ძალიან ძვირი ჯდება 1 800 000-მდე.. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ენძელა მაჭავარიანი: წელიწადში ერთხელ, როგორც გახსოვთ, გოგია უიშვილიც კი ემზადებოდა საკალანდოთ და მე ვფიქრობ, კარგია, მერიამაც რომ გამონახა საშუალება. თანაც თბილისის მოსახლეობამ კარგა ხანია მილიონს გადააჭარბა, მილიონიც რომ იყოს, ერთ სულ მოსახლეზე 1ლარი და 80 თეთრი გამოდის დახარჯული და როგორ ფიქრობთ ძვირია? მით უფრო, რომ ზოგს ნამდვილად არ აქვს იმის საშუალება, სახლი ნაძვის ხით და გირლანდებით გაალამაზოს.მე, პირადად, ასე განათებული ქალაქი ძალიან კარგ განწყობას მიქმნის და მინდა ჩემი სიხარული მთელ ქვეყანას გადავო და გავუზიარო;

მეტრონომი: როგორია ხვდებით ახალ წელს, რაიმე ტრადიცია თუ გაქვთ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით?

ენძელა მაჭავარიანი: ახალ წელს ტრადიციულად ოჯახში ვხვდებით. განსაკუთრებული სამზადისი არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით, რომ ორი ნაძვის ხე გვაქვს, თეთრი ანასია და მწვანე გიოსი. გოზინაყი, ხილი, მცირედი ტკბილეული. ტელევიზორი ჩართული გვაქვს, პატრიარქის მილოცვის შემდეგ ვიღებთ სასმისებს და ერთმანეთს ახალწელს ვულოცავთ. გარემოს ვუფრთხილდებით და ოთახში სასროლი „შუშხუნებით“ ვესალმებით ახალ წელს;

იტვირთბა....