მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“წლის შეჯამება – ქვეყნის დემოკრატიული განვითარება აშკარად მინუსში წავიდა”

“წლის შეჯამება.

1. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება აშკარად მინუსში წავიდა. ბოლო ორი წელი ეკონომისტის მონაცემებით ზრდა ნულოვანი იყო, გვქონდა 5.93 ქულა (10-დან). 2017 წელს ვიმყოფებოდით 79-ე ადგილზე, ვიყავით ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში მესამეზე. წელს ალბათ სერიოზულად ჩამოვქვეითდებით.

(საინტერესოა რომ ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს წლიური მოხსენება ჰქონდა რომლის დროსაც ყველაზე ნაკლები სწორედ დემოკრატიაზე ილაპარაკა და იქაც კონკრეტული არაფერი უთქვამს).

2. კრიმინალი მატულობს და ეს ბუნებრივია როცა პოლიცია დამნაშავეების ნაცვლად ოპოზიციას დასდევს. რეჟიმი თავს სუსტად გრძნობს და, როგორც იტყვიან, ქანჩების მოჭერას იწყებს. ეს საქართველოში ძალიან ძნელი გასაკეთებელია. ჯერ ერთი რომ ავტორიტარიზმის დასამყარებლად ხალხი უნდა გყავდეს მაძღარი (პუტინის მოდელი), მეორეც ამ ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად სწორედ რომ თავისუფლების შეზღუდვას ეგუებიან. იმედია, ამას ზემოთ გაიაზრებენ.

3. ეკონომიკური გარღვევის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი სუსტია და არამცთუ არანაირი პოლიტიკური გამოცდილება, არამედ სახელმწიფოს მართვის დიდი ცოდნაც კი არ აქვს. მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსეთის ბაზარსა და რუს ტურისტებზე (არც ისე სტაბილურ წყაროზე), დასავლურ სტანდარტებს ჯერჯერობით ისევ ვერ ვქაჩავთ.

4. მმართველ გუნდს ასეთ ვითარებაში ჰყავს პრეზიდენტი რომლის ინაუგურაციაზე ამერიკიდან (მთავარი სტრატეგიული მოკავშირე) პრაქტიკულად არავინ ჩამოვიდა და გაცილებით ძლიერი ოპოზიცია ვიდრე ორი წლის წინ. მმართველ გუნდს კვლავაც აქვს თეორიული შანსი გადაეწყოს, ხარისხობრივად გააუმჯობესოს მუშაობა და ბოლოსდაბოლოს დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები. მაგრამ ამის ალბათობა ყოველდღე მცირდება და 2019 წელს გაცილებით მეტი შანსია მივიღოთ მორიგი, კიდევ უფრო უარესი პოლიტიკური ტატამი ვიდრე ნორმალური პოლიტიკური კონკურენცია და თანამშრომლობა. აქ ყველაფერი ისევ ბიძინამდე დადის, რომელსაც წესით უნდა ესმოდეს რა პრობლემა უდგას. საკითხავი უფრო ის არის რამდენად დარჩა მას პრობლემის მოგვარების ძალა და რესურსი (მათ შორის ადამიანური).

5. ოპოზიციას აქვს სერიოზული მხარდაჭერა, მაგრამ ალბათ სანამ არ გაირკვევა რა როლი და ადგილი აქვს მიშას ოპოზიციაში, გამარჯვების შანსი ნაკლებად იქნება. ალბათ ერთადერთი ვისაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია, მხოლოდ თავად მიშაა” – წერს სოციალურ ქსელში თორნიკე შარაშენიძე.

იტვირთბა....