ე.წ. მესაზღვრეებმა, სოფელ ხურაველეთიდან ერთი პირი, ოთარ სამნიაშვილი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფაქტი პირველ არხს დაუდასტურა. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის მისია.
ამასთან, სოფელ ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის „სახლი საზღვრების გარეშე“ დირექტორი პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ დაკავებული შშმ პირია. ლუდა სალიას ინფორმაციით, 33 წლის ოთარ სამნიაშვილი, რომელსაც მეტყველება უჭირს, თავშესაფართან ახლოს დააკავეს.
„გატაცებულია 33 წლის ოთარ სამნიაშვილი, შშმ პირი. მას მეტყველება უჭირს. დედაც შშმ პირი ჰყავს. ის გადაადგილდებოდა სახლთან, დაახლოებით 400 მეტრში, სკოლის უკან, სადაც სასაფლაოებია. ჩვენს თავშესაფარში ხანდაზმული ქალი იჯდა აივანზე, რომელმაც დაინახა, როგორ მოძრაობდა რუსების მანქანა. ერთი მანქანა გაჩერდა და ორმა პირმა ჩასვა მამაკაცი მანქანაში. მან ვერ დაინახა, ზუსტად ვინ იყო, უბრალოდ ნახა ფაქტი. შემდეგ, როცა არ გამოჩნდა ოთარი, მივხვდით, რომ სწორედ ის წაიყვანეს აღნიშნული მანქანით. პოლიციაც მოვიდა დედამისთან და ოფიციალურად არის შეტყობინება მისული, რომ დაკავებულია“,- განაცხადა ლუდა სალიამ.