ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინელებს ვერ დავარქმევდი ბოევიკებს”

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპარლამენტო გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. დაკავებული უკრაინელების შესახებ ნუკრი ქანთარიას კითხვას, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მათთან ერთად კიდევ 14 პირი არ შემოუშვეს ქვეყანაში, რომელიც იმ მომენტში არასასურველები იყვნენ თავიანთი სპეციფიკური გამოცდილების გამო.

„მე ვერ დავარქმევდი ბატონო ნუკრი ბოევიკებს, ძალიან ხმამაღალი დასახელებაა, თუმცა საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი, ძალზედ სპეციფიკური გამოცდილების ხალხი იყო ყველა. ერთი რამ მინდა გითხრათ, რისი თქმაც მე დღეს შემიძლია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღკვეთა დამატებით 14 მსგავსი პროფილის ადამიანის შემოსვლა საქართველოში. ეს იყო უბრალოდ პრევენციის სახით იძულებული მოქმედება. ჩვენ უბრალოდ იძულებულები გავხდით, რომ ქვეყნისთვის, იმ მომენტში არასასურველი სპეციფიკური გამოცდილების და ცოდნების ადამიანები, ქვეყანაში არ შემოგვეშვა და ასეთი იყო იდენტიფიცირებული 14 პირი. მცდელობები იყო შემდეგ სახმელეთო საზღვრებიდან შემოსვლის, იგივე პირების, თუმცა ჯერჯერობით ვართ იქ სადაც ვართ და ამ თემაზე მეტი საუბარი ამ ტრიბუნიდან უბრალოდ ზედმეტია.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.

იტვირთბა....