ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გახარია: წლის ბოლოსთვის, გამომძიებლის და ოპერის ფუნქციები გაიმიჯნება

“2019 წლის ბოლომდე, ჩვენ ვაპირებთ სრულად დავასრულოთ ფუნქციების გამიჯვნა და ასევე, დავასრულოთ თბილისში ახალი ინსტიტუტის- მართლწესრიგის ოფიცრის სრული იმპლემენტაცია”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რეფორმირების ის მიმართულება, რომელსაც ჰქვია კრიმინალური პოლიცია.

“კრიმინალური პოლიცია არის უსაფრთხოების და კრიმინალთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ყველაზე დიდი გამოწვევა და პრობლემა გახლდათ ფუნქციათა აღრევა და სპეციალიზაციის არარსებობა. სწორედ ამიტომ, რეფორმირების ფარგლებში ჩვენ დავყავით რამდენიმე მიმართულება. პირველ რიგში, ეს გახლდათ საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული. დღეის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის მასშტაბით, წლის ბოლოსთვის უკვე დასრულდება ამ ფუნქციონალური დაყოფის ეტაპი და გამომძიებელს ეცოდინება, რომ ის იქნება გამომძიებელი და ოპერს ეცოდინება, რომ ის არის ოპერატიული თანამშრომელი. შესაბამისად, ამ რეფორმის ფარგლებში, მოხდა გამომძიებლების ცოდნის და პროფესიონალიზმის გაზომვა. დაიწყო მათი გადამზადება იმ ახალი პროგრამების შესაბამისად, რომელიც შემუშავებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში. 2019 წლის ბოლომდე, ჩვენ ვაპირებთ სრულად დავასრულოთ ფუნქციების გამიჯვნა და ასევე, დავასრულოთ თბილისში იმ ახალი ინსტიტუტის სრული იმპლემენტაცია, რომელსაც ჰქვია მართლწესრიგის ოფიცერი – ეს გახლავთ საუბნო მიმართულების ახალი განსახიერება, ახალი ფუნქციონალი. ასევე, მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობდა ელემენტარული სტანდარტული პროცედურების აღწერა, ისევე, როგორც არ არსებობდა თანამშრომლებისთვის მათი უფლებამოსილებების აღწერაც. შესაბამისად, ეს საკმაოდ რუტინული და შინაარსობრივი სამუშაო იყო, რომელიც დაწყებულია და საპატრულო პოლიციის ნაწილში უკვე დასრულებულია. ძალაში შევა 2019 წლის დასაწყისიდან, ხოლო კრიმინალური პოლიციის ნაწილში, ჩვენ ამას დავასრულებთ უახლოეს პერიოდში.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....