„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მათ აქციებში მონაწილე ერთი და იგივე პირის ამოცნობა შეძლეს, რომელიც სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ შეგზავნილი პროვოკატორია.
როგორც უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 2 დეკემბრის აქციაზე იყო მამაკაცი, რომელსაც ეჭირა პლაკატი „ამერიკა მტერია, რუსეთი მეგობარი“ და ცდილობდა პროვოკაციების მოწყობას.
“მასთან მოხდა დაპირისპირება, აქციის მონაწილეებმა პლაკატი დაუხიეს და გააძევეს. 16 დეკემბერს თელავში იგივე მამაკაცი ვიხილეთ ახალი პლაკატით „სად ერეკლე და სად მიწა-წყლის გამყიდველი სახელმწიფო”. აქ უკვე ამ პიროვნებამ ავტომობილებს გზა ჩაუხერგა და პარლამენტარ თამარ ხულორდავას ავტომობილის საქარე მინა ჩაამსხვრია. ჩვენ ვითხოვთ შესაბამისმა უწყებამ მოახდინოს ამ პირის იდენტიფიკაცია. სავარაუდოდ, მას სუს-ი იყენებს, როგორც პროვოკატორს”, – განაცხადა უგულავამ.