“საინტერესოა, შს მინისტრი გიორგი გახარიაც თვლისთუ არა რომ საზოგადოებას არსებული პრობლემები ეჩვენება და რეალურად სხვა მდგომარეობაა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
აბესაძის თქმით, მოქალაქეები დღეს დაინახავენ, რამდენად ადეკვატურები არიან ივანიშვილის მთავრობის წევრები და რამდენად აღიქვამენ პრობლემებს.
„იმ ძალიან მძიმე პრობლემების და გამოწვევევის ფონზე, რომელიც საზოგადოებაში დღეს არის, გასული დღეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მინისტრები კიდევ ერთხელ წარმოჩინდნენ განსაკუთრებით ცინიკურად და განსაკუთრებით არაადაეკვატურად. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი საუბრობდა, თითქოს საზოგადოება უარესად ცხოვრობს, მაგრამ ეს მათ ეჩვენებათ. ასე რომ საინტერესოა, გახარიაც თვლის თუ არა, რომ საზოგადოებას ეჩვენება, რომ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალი და ეს ყოველდღიურ ცხოვრებას აუტანელს ხდის ადამიანებისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას ეჩვენება, რომ არჩევნებში ხელისუფლება ძალადობდა, აყალბებდა და ამაში ჩართული იყო საარჩევნო ადმინისტრაციებიც. ეჩვენება თუ არა საზოგადოებას, რომ მათ საარჩევნო მადას შეეწირა სკოლის დირექტორის სიცოცხლე, ეჩვენება თუ არა საზოგადოებას, რომ დღემდე დასჯილი არ არიან დათუნა სარალიძის მკვლელები და არც ის გამომძიებლები და პროკურორები, რომლებიც მიზანმიმართულად აყალბებდნენ ამ გამოძიებას. ასე, რომ დღეს კიდევ ერთხელ მიეცემა საზოგადოებას შესაძლებლობა, შეაფასოს რამდენად ადეკვატური არიან ივანიშვილის მთავრობის წევრები და რამდენად აღიქვამენ პრობლემებს“,–განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს გააცნობს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
ამავე თემაზე – ხოშტარია: შს მინისტრს კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს