მთავარ პროკურატურასთან ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილების ორგანიზებით იმართება. ისინი ითხოვენ, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე ბრალი წარედგინოს გამოძიებისას გამოკვეთილ პირებს.
ცოტნე გამსახურდიას თქმით, გამოძიების დროულად დასრულებაა საჭირო, წინააღდეგ შემთხვევაში, საქმე ხანდაზმულობიდან გამომდინარე, დაიხურება.
„ამ დრომდე, პროკურატურიდან არანაირი სერიოზული გამოხმაურება არ ყოფილა. არანაირი მოლოდინიც არ მაქვს. მყისიერად აღსრულება რომ სურდეთ, ამ საქმეს გამოიძიებდნენ“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს.
გახსენებთ, რომ ხუთი დღეა, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის საზოგადოებრივი მისაღების შენობაში შიმშილობენ. მათ პროკურატურამ შიმშილობის პირველ დღეს შეხვედრა შესთავაზა, რაზეც გამსახურდიებმა უარი თქვეს.