რაც არ უნდა ამტკიცონ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, რომ პარტიაში განხეთქილება არ არის, ფიცის უკან საკმაოდ დიდი კუდი მოსჩანს. უბრალოდ, სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტიური პერსონების პოსტების წაკითხვაც კმარა, რომ შეიქმნას ნათელი სურათი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების მეორე დღესვე საკმაოდ აგრესიული ტონით განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობა იყო გამოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძე ექს-პრეზიდენტის მიმართ ერთგულებას დღემდე ამტკიცებს, მისი წინააღმდეგობა სააკაშვილის რადიკალური პოზიციის მიმართ აშკარად თვალშისაცემია. ფარული პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება სალომე სამადაშვილის ნარატივი იყო, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ აღარ აპირებს არანაირ აქციაში მონაწილეობას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. რეალურად, სამადაშვილმა ამით პირდაპირ დაადასტურა, რომ სააკაშვილის დაკრულზე ცეკვას არ აპირებს. სამადაშვილის უკან დგას რამდენიმე მისი თანაგუნდელიც, რომლებიც ამ ეტაპზე სიჩუმეს ამჯობინებენ.
სამადაშვილის ამ განცხადებას “ნაცმოძრაობის” კიდევ ერთი ფიგურა, ნინო კალანდაძე გამოეხმაურა, რომელმაც ეს სიჩუმე “შერყეული გემიდან გაქცეული ვირთხებით” დაასათაურა – “შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხები” – წერს სოციალურ ქსელში კალანდაძე.
“ნაციონალურ მოძრაობაში” დაწყებული დაპირისპირებით გაღიზიანებული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ახლა, კინკლაობის დრო არ არის. – “ძირს კინკლაობა! ერთიანობის დროა! ან თქვენ გადაარჩენთ ქვეყნის დემოკრატიის მომავალს, ან ავტოკრატია გადაგვყლაპავს ყველას ერთად და მოგვისპობს ხვალინდელ დღეს”!
არჩევნებმაც ჩაიარა და ინაუგურაციამაც. გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სააკაშვილის მოწოდებას – “ყველანი რუსთაველზე” მის გუნდში ზარ-ზეიმით არ შეხვდნენ. რუსთაველზე თითქმის არავინ მივიდა. სააკაშვილის გულმხურვალე თანამოაზრემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ამით არაფერი დაშავებულა და საპროტესტო აქციაზე მხრადამჭერების ვერშეკრება “ნაცმოძრაობას” ვერ დააზარალებს. თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს ეს არაფერს ნიშნავს და ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება.
თუმცა, რეალობა, აშკარად სხვაა. “ნაცმოძრაობაში” საქმე მთლად კარგად ვერაა. პარტიაში იკვეთება ორი მხარე – სააკაშვილის მხარდამჭერი რადიკალური ფრთა და გრიგოლ ვაშაძის აკადემიური პოლიტიკა. ვაშაძე-მელიას წინააღმდეგობამ, თუგინდ გურჯაანის მოვლენების დროს, აშკარად გამოაჩინა, რომ ახლო მომავალში “ნაცმოძრაობაში” სერიოზულ პოლიტიკურ კატაკლიზმებს უნდა ველოდოთ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის სტილი რადიკალიზმი არ არის. როგორც დიპლომატი, ის აკადემიურ მიდგომებს ანიჭებს უპირატესობას. ფაქტია, რომ სააკაშვილისა და მელიას ქარიზმა მას აღიზიანებს და ეს არაერთ კონკრეტულ სიტუაციებში გამოჩნდა.
აშკარად ჩანს, რომ ვაშაძეს სააკაშვილი-მელიას მიდგომა მიმდინარე მოვლენებისადმი საკმაოდ არ ეპიტნავება და თუ გავითვალისწინებთ მისი პოლიტიკური წონის მატებას გასულ არჩევნებზე, ვაშაძე უნდა იყოს მზად, ახლო მომავალში, სააკაშვილის ავტორიტეტი საკუთარი ფიგურით ჩაანაცვლოს. 2020 წლის არჩევნებიამდე საკმაო დროა და ვაშაძეს მოუწევს ღირებულებათა გადაფასება. ასე რომ, არ არის გამორიცხული ხვალ, მან “ნაციონალური მოძრაობის” თუ გაერთიანებული ოპოზიციის წიაღიდან ახალი გუნდი არარადიკალური, ანუ აკადემიური პოლიტიკური პერსონებისგან შეკრას და შეეცადოს უმტკივნეულოდ გამოეყოს რადიკალურ ფრთას.
სააკაშვილი კი ნელ-ნელა, გავლენას კარგავს. ბევრს ის აღიზიანებს კიდეც. ასეთები მის ძველ თანაგუნდელებშიც უკვე საკმაოდ ბევრია. ექს-პრეზიდენტის რადიკალური პოზიციების მიმართ მისი მხარდამჭერები ლოიალურები აღარ არიან. საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური წონა უკვე აღარ არის ისეთი, როგორც 2003 წელს იყო და ეს, ბოლო მოვლენებმა დაადასტურა.
ამ ყველაფერს კარგად ხედავს და გრძნობს ვაშაძე. ოპოზიციის წარმომადგენლები არ მალავენ, რომ ვაშაძემ ამ არჩევნებში საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა დიდი პოლიტიკისკენ და არც თუ ისე უნიჭოდ. თუკი ვაშაძემ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ისეთი ელექტორატი დაკარგა, რომელსაც ჭირივით ეზარება სააკაშვილი და ყელში ამოუვიდა “ქართული ოცნებაც”, ე.წ. “აკადემიური პოლიტიკური ფრთის” გამოყოფის შემდეგ ვაშაძეს მსგავსი გაურკვეველი ამომრჩევლის გადმობირება თავისუფლად შეუძლია. ასეთი ფრთის შესაკრავად კი ვაშაძეს საკადრო პოლიტიკის სერიოზულად გადახედვა და პოლიტიკური სახეების ჭკვიანურად შერჩევა მოუწევს.
დღეს, “ნაციონალურ მოძრაობაში” მსგავს ბზარს არავინ იმჩნევს, მაგრამ ფაქტია, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ციხე ნელ-ნელა იწყებს შიგნიდან მტვრევას და არ არის გამორიცხული, სულ მალე “ვაშაძის ნაცმოძრაობა” ტრანსფორმირებულ ვარიანტში ვიხილოთ.
გენო ჯოხიძე