ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი ბრალია, რომ ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებს საშუალებას ვაძლევთ პროვოკაციები მოაწყონ ხოლმე”

“ქართული ოცნების” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პირველი არხის გადაცემაში “მოამბე-დღის თემა” განაცხადა, რომ რაც  სხდომათა დარბაზში მოხდა უმრავლესობის ბრალია.

„ჩვენი ბრალია, რომ ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებს საშუალება მივეცით, პარლამენტის სცენაზე ასეთი პროვოკაციები მოაწყონ ხოლმე. დღეს მოხდა ის, რაც ადრეც მომხდარა, რადგან საერთოდ, “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“, ხომ იცით?! მელიამ გამოსვლისას პირველი სიტყვიდანვე დაიწყო შეურაცხმყოფელი ფრაზები. საერთოდ, ადამიანი შეურაცხყოფაზე მაშინ გადადის, როცა ყველაფერს ამოწურავს, ეს კი პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადის, რადგან ამ მხრივ, რაღაც უცნაური ეგზემპლარია“, – განაცხადა ქანთარიამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ალბათ, შეგნებულად ცდილობენ, თავიანთი ელექტორატი გარკვეულ ფორმაში ამყოფონ და ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს იმას, რომ პარლამენტი და ეთიკა მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ.

„თვითონ მელია ამ მოწვევაზე პარლამენტში მგონი, მესამედ ვნახე. ის ალბათ, მაქსიმალურად ცდილობს იმას, რაც თვითონ შეუძლია, რადგან როგორც ჩანს, სხვანაირად არ შეუძლია. ეს, რა თქმა უნდა, მისი პრობლემაა, მაგრამ საბოლოოდ, იქცევა ხოლმე იმად, რომ საზოგადოებისთვის საკმაოდ უსიამოვნო სურათი იხატება და დღესაც ასეთი სურათი იყო“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგისა და გარკვეული თემების სერიოზულად განხილვას პირადად ის აბსოლუტურად გამორიცხავს.

„იმ მეორე ჯგუფის, მათი განაყარის, „ნაციონალური მოძრაობა“ ნომერი 2-ის წარმომადგენლები, რომლებმაც „ევროპული საქართველო“ დაირქვეს, ცდილობენ, რაღაც სახე და კონსტრუქცია შეინარჩუნონ, ემოციას არ აჰყვნენ და უფრო მომთმენიც იყვნენ. ამიტომ, მათთან რაღაც საკითხზე დიალოგი კიდევ შესაძლებლად მეჩვენება, მიუხედავად იმისა, კარგად ვიცით, ვისი გვარისანი არიან“, – განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში გუშინ დაპირისპირება მოხდა არჩევნების შედეგების თემაზე. სიტყვიერი დაპირისპირებები ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადავიდა. იხილეთ ვიდეო

იტვირთბა....