ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების პოლიტიზირება კატეგორიულად მიუღებელია” – განათლების სამინისტრო

გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების პოლიტიზირება ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია – ამის შესახებ გაცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ გააკეთა.

ნათია ზედგინიძის თქმით, უწყების მიერ დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ მომზადებული ანგარიშის მიუხედავად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნდა.

„ვუსამძიმრებთ ია კერზაიას ოჯახს. აქვე აღვნიშნავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ამ ტრაგედიის პოლიტიზირება კატეგორიულად მიუღებელია. 2012 წლიდან ხელისუფლებამ უზრუნველყო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ განათლების სისტემა არის დეპოლიტიზირებული და შესაბამისად, რომელიმე სასწავლო დაწესებულების პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად ქცევა, ეს არ იქნება დაშვებული. ბოლო დღეების განმავლობაში, სამინისტრო მაქსიმალურად იკავებდა თავს განცხადებებისგან, თუმცა მიზანმიმართული არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო ისეთი სახე, რაც სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას აზიანებს და ხელს უშლის სასწავლო დაწესებულებების სრულფასოვან ფუნქციონირებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მიაწოდოს ყველა სახის დოკუმენტაცია და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან: სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, არცერთი კითხვა არ უნდა იყოს პასუხგაუცემელი.

სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევების აღმოფხვრასა და შესაბამის რეაგირებას. სწორედ ასეთი სამუშაო ჩატარდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში. სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო და ის დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნდა. ასევე, არც განათლების სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა დირექტორის გათავისუფლება“ , – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც სასწავლო დაწესებულებების შემოწმებასა და უწყების მიერ გაცემულ მითითებებს ეხებოდა.

„რაც შეეხება სტატისტიკას, სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ხორციელდება როგორც გეგმური, ისე არაგეგემური შემოწმება. მხოლოდ 2018 წელს დაიწერა 98 დასკვნა, 49 სკოლას მიეცა მითითება და გაფრთხილება, 9 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან განთავისუფლდა და ერთ სკოლაში სამეურვეო საბჭოს დათოვა მოხდა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ20 კანონდარღვევის საქმე.

რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს, საარჩევნო პერიოდში ვერ და არ იქნებოდა შეჩერებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მატარებელი მედია, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ცდილობს, სხვადასხვა მეთოდით შეიჭრას საჯარო სკოლებში და ამით საგაკვეთილო პროცესი დააზიანოს. კიდევ ერთხელ. ჩვენ ღრმა მწუხარებასა და სამძიმარს ვუცხადებთ მე-6 საჯარო სკოლის ოჯახს“  – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვალების საქმეზე განათლების მინისტრის პოლიტიკურ პასუხსგებაში მიცემას ითხოვს.

 

იტვირთბა....