ინტელექტ-კლუბის, (რა? სად? როდის?) წევრი დეპუტატები მმართველი პარტიიდან, გიორგი მოსიძე, გედევან ფოფხაძე, ირინა ფრუიძე და ლევან კობერიძე ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
შეგახსენებთ, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, რომელიც დედის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს, ასევე ინტელექტ კლუბის წევრია.
“ა.წ. 9 დეკემბერს მოხდა ძალზე სამწუხარო ფაქტი: ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი ია კერზაია, რომელიც ბოლო 11 წელი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ვწუხვართ ახლობლებთან ერთად და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს. ქალბატონი იას გარდაცვალებამ საზოგადოებაში გააჩინა შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ჩვენთვის პრინციპულ აუცილებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ უმოკლეს ვადებში (მაქსიმალური ვადა – 1 თვე), შესაბამისმა უწყებამ უნდა ჩაატაროს გამოძიება, რომელიც დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტებს და ასეთის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ. ამავე დროს, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში, სახელდობრ პირველ და მეორე ტურებს შორის. ვთვლით, რომ სამინისტროს მიერ უკვე გამოქვეყნებული განცხადება არასაკმარისად პასუხობს ამ შეკითხვას. პასუხგაუცემელი კითხვები ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის განცდას და აჩენს უნდობლობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოზიცია გაზიარებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში და მოყვება დროული რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან”, – ნათქვამია ინტელექტ-კლუბის წევრი დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. კერზაია მას შემდეგ გახდა ცუდად, რაოდესაც სკოლაში შესამოწმებლად გენერალური ინსპექცია შევიდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლის შემოწმება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ის “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არჩევნებში არ ჩაერთო.
ამასთან, დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ განათლების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა.